იმერეთის გუბერნატორი მოსახლეობას მიმართავს, ამაღამ თავი შეიკავონ პიროტექნიკის გამოყენებისგან, რადგან ქარის გამო ხანძრის საფრთხე არსებობს

13 იანვარი 2023, 13:46 764 ნახვა

იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძე,  მოსახლეობას მოუწოდებს დღეს ღამით თავი შეიკავონ პიროტექნიკის გამოყენებისგან, რადგან შესაძლოა, ამან ხანძარი გამოიწვიოს.

მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე 150-მდე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება, პრობლემებია გაზისა და წყლის მიწოდების კუთხითაც.

„მეოთხე დღეა, გრძელდება სტიქია იმერეთის რეგიონში. რეგიონის მასშტაბით, დღეისათვის 600-მდე შენობა გვაქვს დაზიანებული. ამ ეტაპზე 150-მდე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება, გვაქვს პრობლემები გაზისა და წყლის მიწოდების კუთხითაც, თუმცა შესაბამისი ჯგუფები, როგორც აქამდე, ახლაც პრობლემების აღმოფხვრაზე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. რაც შესაძლებელია, ყველა სახის სამუშაოებს მოკლე დროში ვახორციელებთ.

აქვე, მინდა, მივმართო ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით იმერეთის მოსახლეობას, და ვთხოვო, რომ დღეს, ღამით მაქსიმალურად ყველამ შევიკავოთ თავი პიროტექნიკის გამოყენებისგან. იცით, რომ ქარი ძლიერია, ძალიან ბევრი შენობის სახურავია გადახდილი და არის საშიშროება, წარმოიქმნას ხანძრები. გთხოვთ, გავითვალისწინოთ და ნუ მივაყენებთ ზიანს ერთმანეთს“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში