სააკაშვილის მკურნალობა კანონმდებლობის დაცვით მიმდინარეობდა, გაუგებარ სიაში ექიმების შეყვანა დისკრედიტაციის მცდელობაა  - ნინო გოგორიშვილი

13 იანვარი 2023, 16:30 643 ნახვა

გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მკურნალი ექიმის, ნინო გოგორიშვილის განცხადებით, საფუძველს მოკლებულია ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ბრალდება, რომ მან სააკაშვილის მკურნალობასთან დაკავშირებული გარკვეული დოკუმენტაცია დამალა.

„მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბრალდებები სრულიად საფუძველს მოკლებულია. იმ პერიოდში სააკაშვილის მკურნალობა სახელმწიფო კონსილიუმთან შეთანხმებით მიმდინარეობდა. მკურნალობის პროცესზე ყველა ინფორმაცია ცნობილი იყო და გადაეცემოდა ცენტრ „ემპათიის“ როგორც თავმჯდომარეს, ასევე წევრებს, სახალხო დამცველის აპარატთან არსებულ სამედიცინო კომისიას. მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა, სააკაშვილის გაწერა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით წარმოებდა“, – განაცხადა ნინო გოგორიშვილმა.

ნინო გოგორიშვილის განცხადებით, გაუგებარ სიაში ექიმების შეყვანა დისკრედიტაციის მცდელობაა.

„მიმაჩნია, რომ რაღაც გაუგებარ სიაში ექიმების შეყვანა საქართველოს ექიმების დისკრედიტაციის მცდელობაა. პაციენტის მკურნალობა, გაწერა და ყველაფერი საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით მიმდინარეობდა. „ფორმა 100“ არსებობს, რომელიც არის სამედიცინო დოკუმენტაცია. უზარმაზარი „ფორმა 100“ არსებობს. არ ვიხსნი პასუხისმგებლობას, მე ვიყავი მისი უშუალო მკურნალი ექიმი, მაგრამ მკურნალობა კონსილიუმთან შეთანხმებით მიმდინარეობდა“, – განაცხადა ნინო გოგორიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში