2022 წლის დაჯამებული მონაცემებით, საქართველოში ფრენები 88%-ით, ხოლო მგზავრთნაკადი 85%-ით აღდგა - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

16 იანვარი 2023, 13:40 658 ნახვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ შეჯამებული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს საქართველოს აეროპორტები ჯამში 4 441 316 მგზავრს მოემსახურა, რაც 78%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე, 2019 წელს გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობასთან მიმართებაში, მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი კი 85%-ს შეადგენს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 998 785 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 78%-ს შეადგენს. ამასთან, მგზავრთნაკადის აღნიშნული მაჩვენებლით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 81%-ით დაუბრუნდა 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობრივ მაჩვენებელს.

"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 796 063 მგზავრი. მგზავრთნაკადის ზრდა 2021 წელთან შედარებით 182%-ს შეადგენს. 2019 წელთან შედარებით კი, ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 91%-ს შეადგენს.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 616 885 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2021 წელთან შედარებით 20%-ია, ხოლო 2019 წელთან მიმართებაში, მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 99%-ს შეადგენს.

მგზავრთნაკადის ზრდის დადებითი დინამიკაა ასევე ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებში. მესტია 2022 წლის დაჯამებული მონაცემებით 9 385 მგზავრს მოემსახურა, რაც 83%-ით მეტია ვიდრე 2021 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა და 9%-ით აღემატება პანდემიამდე, 2019 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობას. ამბროლაურის აეროპორტმა განვლილ წელს 2 657 მგზავრი მიიღო, რაც 33%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს მომსახურებული მგზავრების რაოდენობა და 35%-ით აღემატება 2019 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობას. 2019 წელთან შედარებით, ნატახტარის აეროპორტში მგზავრთნაკადი 96%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წელთან მიმართებაში ზრდა 148%-ს შეადგენს. აეროპორტი 17 541 მგზავრს მოემსახურა.

2022 წელს, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 21 430 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 16 290-ს, ხოლო ჩარტერების - 5 140-ს. 2021 წელს განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისების რაოდენობა 43%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, აღდგენის მაჩვენებელი 88%-ს შეადგენს.

პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 41 ავიაკომპანია 60 მიმართულებით ოპერირებს. 2022 წელს, ქვეყანას 9 ახალი ავიამიმართულება დაემატა, საავიაციო ბაზარზე კი შემოვიდა 10 ახალი ავიაკომპანია (Condor Airlines, Flyone Armenia, Varesh Airlines, Flyadeal, Armenia Airways, Pars Air, Southwind Airlines, Air Moldova, Thai Air Asia X და FlyArna).

2022 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე Wizz Air-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 13%-იან წილს ფლობს და 588 226 მგზავრი ყავს გადაყვანილი. რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. Wizz Air Hungary – 13% (588 226 მგზავრი);

2. Turkish Airlines – 12% (546 895 მგზავრი);

3. Pegasus – 9% (408 780 მგზავრი);

4. Belavia – 6% (243 620 მგზავრი);

5. Fly Dubai – 5% (227 612 მგზავრი);

6. Azerbaijan Airlines – 5% (209 415 მგზავრი);

7. Israir – 4% (197 109 მგზავრი);

8. Flynas – 4% (162 462 მგზავრი);

9. Georgian Airways – 3% (148 612 მგზავრი);

10. Fly Arystan – 3% (138 939 მგზავრი)“,- აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში