სპორტის მთავარი

18 იანვარი 2023, 20:04 714 ნახვა

საქართველოს სუპერთასის მერვედფინალური ეტაპის მეორე მატჩი ბათუმსა და ''მეგას'' შორის ბათუმური გუნდის გამარჯვებით 91:82 დასრულდა. პირველი მატჩი თბილისში „მეგას“ გამარჯვებით 103:95 დამთავრდა, შესაბამისად დღევანდელ მატჩში ბათუმს 8 ქულაზე მეტით მოგება სჭირდებოდა. ძირითად დროში ანგარიშით 79:71 გამარჯვებული არ გამოვლინდა , შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა სადაც უკვე ბათუმელებმა მოახერხეს საჭირო ქულების აღება და საბოლოო ჯამში სასურველ შედეგს მიაღწიეს და 9 ქულით მოიგეს. ბათუმის მეტოქე მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში ქუთაისი იქნება.

21-28 იანვარს იტალია ევროპის ზამთრის მე-16  ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. მასში საქართველოდან სპორტის 4 სახეობაში, 8 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. დღეს ოლიმპიურ კომიტეტში სპორტსმენთა გაცილების ცერემონიალი გაიმართა. ფესტივალი 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. ოლიმპიადაში სულ 47 ქვეყანა  მონაწილეობს და 13 ოლიმპიური სახეობა იქნება წარმოდგენილი.

ბაკურიანში სათხილამურო და სნოუბორდის  მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებისთვის სამზადისი დასასრულს უახლოვდება.   პირველ ვარჯიშს სათხილამურო სამყაროს ვარსკვლავები კურორტზე 16 თებერვალს ჩაატარებენ. 18 თებერვლიდან კი უკვე ფინალები დაიწყება. სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო წელს პირველად მასპინძლობს. უკვე გაკეთდა წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი  6 ახალი საშეჯიბრო ტრასა, 3 საბაგირო და 29 კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა.  მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში 16 თებერვლიდან 4 მარტამდე გაგრძელდება.

ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე „ნაპოლი“ –„კრემონეზესთან“ იტალიის თასს მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა. ცნობილი იყო, რომ კვარაცხელიას მსგავსად მცირე ტრავმის გამო არც ლოჩოშვილი ითამაშებდა. „ნაპოლის“ მწვრთნელმა სპალეტიმ „იუვენტუსთან“ შეხვედრისგან განსხვავებით შემადგენლობა თითქმის შეცვალა, სასტარტოში მხოლოდ მეკარე მერეტი დააყენა, ხოლო სხვებს დასვენების საშუალება მისცა. თუმცა მეორე ტაიმში შეცვლაზე პოლიტანო, ანგისა, ლობოტკა, კიმინ ჯე და ზელინსკი შეუშვა „ნაპოლი“ 2:1-ს იგებდა, მაგრამ 87-ე წუთზე გოლი საკუთარ კარში მიიღეს. აფენა-გიანიმ ანგარიში გაათანაბრა და ძირითადი დრო 2:2 დასრულდა. პენალტების სერიაში კი „კრემონეზემ“ ჩემპიონატის ლიდერი 4:5 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც „რომას“ დაუპირისპირდება.

დღეს იტალიის სუპერთასის ფინალი გაიმართება, სადაც ორი გრანდი იტალიის სერია ა-ს გამარჯვებული მილანი და იტალიის თასის გამარჯვებული მილანის „ ინტერი“ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. იტალიის ფედერაციის წესების მიხედვით სუპერთასი ერთ მატჩიანია და გამარჯვებულიც დღესვე გამოვლინდება. დღევანდელი დერბი სტარტს 23 საათზე აიღებს.

გიორგი მამარდაშვილის ვალენსია დღეს ესპანეთის თასის მერვედფინალში ხიხონის სპორტინგს დაუპირისპირდება. მატჩის წინ "ღამურების" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჰკითხეს, ამჯერად მაინც ათამაშებს თუ არა იაგო ერერინს - სათადარიგო მეკარეს. იტალიელის თქმით, მას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია და შესაბამისად, არ იცის, ვინ დაიცავს ვალენსიელთა კარს.როგორც იცით, კოპა დელ რეის წინა ეტაპზე, ლა ნუსიასთან მატჩშიც ერერინის გამოჩენას ელოდენენ, მაგრამ გატუზომ სათასო შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილი ათამაშა, ხოლო ერერინი მხოლოდ შეცვლაზე, 77-ე წუთზე ჩართო თამაშში.მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის 16-ვე მატჩში ითამაშა, გარდა ამისა, თითოჯერ მოედანზე ესპანეთის თასისა და სუპერთასის ეგიდით გავიდა. სწორედ სუპერთასზე ჩაატარა ვალენსიამ ბოლო მატჩი მადრიდის რეალთან, სადაც 22 წლის ქართველი გამორჩეული იყო, თუმცა მისი გუნდი პენალტების სერიაში დამარცხდა. დღევანდელი მატჩი 22 საათზე დაიწყება.

„იუ-ეფ-სი-“მ მერაბ დვალიშვილისა და ორგანიზაციის ყოფილი ჩემპიონის, რუსი პიოტრ იანის ჩხუბის ორგანიზებაზე მუშაობა დაასრულა. ორივე მხარე კონტრაქტის დეტალებით კმაყოფილია, მებრძოლები ერთმანეთს ლას ვეგასში „იუ-ეფ-სი“ 221-ზე შეხვდებიან. დვალიშვილის მენეჯერმა ბრძოლის ჩატარება დაადასტურა. მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება არსებობს და ხელშეკრულებაც მალე გაფორმდება. მერაბ დვალიშვილს „ემ-ემ-ეი“-ში15 მოგება და 4 მარცხი აქვს, „იუ-ეფ-სი“-ში კი მის ანგარიშზე 8 მოგება და 2 წაგებაა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა სპორტსმენმა ბოლო ორთაბრძოლაში, რომელიც აგვისტოში გაიმართა, ლეგენდარული ბრაზილიელი ჟოზე ალდო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. იანი კი ქამრის დაბრუნებას ეცდება. მან ზედიზედ ორჯერ წააგო სტერლინგთან და შემდეგ შონ ო'მალიმაც მოუგო. პიოტრის მიზანი მერაბის დამარცხებაა, რათა სტერლინგთან ჩხუბი კიდევ ერთხელ მოითხოვოს. ბრძოლა 12 მარტს გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ რუსი ოქტაგონზე ქართველმა გამოიწვია.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში