საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასზე ითამაშებს

19 იანვარი 2023, 10:12 740 ნახვა

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები თებერვლის დასაწყისში დევისის თასის მორიგ შეხვედრას ჩაატარებს და გამარჯვების შემთხვევაში, მსოფლიო ჯგუფი ერთს მიუახლოვდება. ქართველი ჩოგბურთელები მსოფლიო ჯგუფი ორის პლეი ოფში სამხრეთ ამერიკის წარმომადგენელ ბოლივიას შეხვდებიან.

თამაში საქართველოში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, მოახლოებულ დაპირისპირებას პოლონეთის ქალაქ ლეშნო უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ დავით კვერნაძის გუნდის პროგრესი გასულ წელს დევისის თასის ევროპული ზონის მესამე ჯგუფში წარმატებულმა თამაშმა განაპირობა.

საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს ქალაქ ულცინში ოთხ მეტოქეს ისე სძლია, რომ 1 მატჩიც კი არ წაუგია, თანაც, ეს ყველაფერი, ქვეყნის პირველი ჩოგნის ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე მოახერხა.

სავარაუდოა, რომ საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ამჯერადაც პირველი ჩოგნის გარეშე ითამაშებს, დაზუსტებული შემადგენლობა კი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

პოლონეთში დაგეგმილი დაპირისპირება 2-3 თებერვალს დახურულ კორტებსა და ჰარდის საფარზე შედგება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში