ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს და უკრაინას, მნიშვნელოვანი საკითხები  განიხილონ პირადად - კელი დეგნანი

20 იანვარი 2023, 15:19 646 ნახვა

საქართველოსთვის უზარმაზარი შესაძლებლობაა, იყოს შუა დერეფანი, ცენტრალური აზიიდან ევროპაში მიმავალი ტვირთებისთვის, რასაც აშშ მხარს უჭერს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კელი დეგნანის თქმით, აშშ მუშაობს საქართველოს ხელისუფლებასთან მრავალ სფეროში იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს ჰქონდეს შესაძლებლობა, შეასრულოს საერთაშორისო სანქციები.

„საქართველოსთვის, იყოს შუა დერეფანი, ცენტრალური აზიიდან ევროპაში მიმავალი ტვირთებისთვის, არის უზარმაზარი შესაძლებლობა, რასაც აშშ ძალიან უჭერს მხარს. ჩვენ მივისწრაფვით საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ამ დერეფანში საქართველოს წვლილის ზრდასთან ერთად, მას ასევე ჰქონდეს შესაძლებლობა, უზრუნველყოს საერთაშორისო სანქციების დაცვა. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთვის პარტნიორობის შეთავაზებას ნებისმიერ სექტორში, რომელშიც საქართველო ისურვებს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მისივე განცხადებით, ისინი მოუწოდებენ საქართველოსაც და უკრაინასაც, რომ მნიშვნელოვანი საკითხები პირადად განიხილონ და არა საჯაროდ.

„ძალიან სენსიტიური დროა, როდესაც რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინისთვის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წასართმევად. ამიტომ, ყველა დიდ სტრესსა და ზეწოლას განიცდის.

 

აშშ-მა ყველა თავის პარტნიორსა და მოკავშირეს სთხოვა, განეხილა, რისი გაკეთებაა მათთვის მოსახერხებელი უკრაინის მხარდასაჭერად. ამ კუთხით საქართველომ ბევრი რამ გააკეთა, განსაკუთრებით ჰუმანიტარული თვალსაზრისით, საერთაშორისო ფორუმზე ხმის მიცემით და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი.

 

თითოეულმა სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ის, რაც მათთვის კომფორტულია. ვფიქრობ, ყველამ კარგად იცის ის სენსიტიური სიტუაცია, რომელშიც საქართველო იმყოფება, რადგან თქვენი ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ასეთია კონტექსტი და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოსა და უკრაინას, რომ ეს საკითხი პირადად განიხილონ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, არ აქვს ინფორმაცია, რომ მოსკოვში მცხოვრებ ქართველებს აქვთ პრობლემები საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

„საქართველოს ისტორიას როდესაც ვსწავლობდი, ვნახე, საუკუნეების განმავლობაში რუსეთი არ ასრულებდა დაპირებებს. რუსეთის მცდელობისას, უარყოს საქართველო, მისი იდენტობა,  ენა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ამჯობინებდა, გაეგო, რომ რუსეთს გაჰყავს თავისი ძალები აფხაზეთიდან, ცხინვალიდან და საბოლოოდ ასრულებს 2008 წლის შეთანხმების ვალდებულებებს, ვიდრე პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ მოესმინა. არ მაქვს ინფორმაცია, რომ მოსკოვში მცხოვრებ ქართველებს აქვთ პრობლემები საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, თუ მათ ეს სურთ, თუმცა ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ძალიან ბევრი რუსი ჩამოდის ამ ქვეყანაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, რამდენად ობიექტური იყო სასამართლო პარტია „ლელოს“ ლიდერების, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საქმეში.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ყველა უნდა დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„ეს არის საქმე, რომელიც გარკვეული პერიოდი გრძელდება და ძირითად ბრალდებებთან, თავდაპირველ ვერდიქტთან დაკავშირებით ვფიქრობ, კითხვები ბევრს გაუჩნდა. როდესაც ჩნდება კითხვები საქმის შედეგების სანდოობაასთან დაკავშირებით, ეს მუშაობს სასამართლო სისტემისადმი და კანონის უზენაესობისადმი ნდობის საწინააღმდეგოდ. აშშ მუშაობს საქართველოსთან მართლმსაჯულების გამჭვირვალეობის, დამოუკიდებლობის გასაუმჯობესებლად და გასაძლირებლად, ვფიქრობ, რომ დიდი პროგრესია მიღწეული. თუმცა აშკარაა, როდესაც ამგვარი საქმეები ჩნდება, რომელიც აჩენს მეტ კითხვას კანონის ადმინისტრირებასთან და მოსამართლეების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, აწარმოონ კანონი არსებული მტკიცებულებების შესაბამისად და ჩარევის გარეშე, ეს ნდობას ძირს უთხრის“, – განაცხადა დეგნანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში