მიხეილ სააკაშვილის სასამართლო

20 იანვარი 2023, 20:01 521 ნახვა

"ემპათიას" ექსპერტ-ფსიქოლოგის ლიანა ჩოხელის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 45-წუთიანი შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მას ფიქსაციის უნარი და ხანმოკლე მეხსიერება დაქვეითებული აქვს.

მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ მიმდინარე სასამართლო  სხდომაზე  უკვე დაიკითხა  ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტიზაში მონაწილე ნევროლოგი ოთარ თოიძე. როგორც მოწმე ნევროლოგმა სასამართლოს განუმარტა, სააკაშვილს ის პრობლემები, რომლებიც კვლევისას დაუდგინეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეყვანის დროს არ ჰქონდა.

ოთარ თოიძემ სასამართლოს განუცხადა, რომ  სააკაშვილის ორგანიზმში  მძიმე მეტალების დოზის განსაზღვრას სამი ტიპის კვლევა სჭირდება,  სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და წინააღდეგ შემთხვევაში შედეგი ფატალური იქნება. სხდომას სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დისტანციურადაც არ ესწრება.

სხდომის პარალელურად   მესამე პრეზიდენტის  სამკურნალოდ  უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობდა. 

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესი 23 იანვარს ჩატარდება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა ჩანიშნული. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში