არანაირი საფუძველი არ არსებობს, ვინმემ ეჭვი შეიტანოს, რომ საქართველოში სანქციების აღსრულება ჯეროვნად არ ხდება - ლაშა ხუციშვილი

23 იანვარი 2023, 15:49 775 ნახვა

ყოველდღიურ რეჟიმში ვცვლით ინფორმაციას აშშ-სთან, ასევე ევროკავშირთან, შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს, ვინმემ ეჭვი შეიტანოს, რომ საქართველოში სანქციების აღსრულება ჯეროვნად არ ხდება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა შევეხო ერთ გარემოებას, რომელიც ეხება რუსეთს და რუსეთთან დამოკიდებულებას. ეს საკითხი განიხილება სანქციების აღსრულების ჭრილში. პირველ რიგში, მინდა, აღვნიშნო, რომ ეკონომიკური, ტურიზმის, ექსპორტის მიმართულებით საქართველოში ტურიზმისა და ექსპორტის ზრდა გაცილებით მაღალი იყო რუსეთის გარეშე, ვიდრე რუსეთთან ერთად. ანუ მთელ მსოფლიოსთან ექსპორტი და ტურიზმი გაიზარდა იმაზე მეტად, ვიდრე რუსეთთან მიმართებით. შესაბამისად, ამ ნაწილში უმჯობესია, დავეყრდნოთ ოფიციალურ სტატისტიკას და არსებული სტატისტიკიდან გამოვიტანოთ დასკვნები.

 

არანაირი საფუძველი არ არსებობს, ვინმემ ეჭვი შეიტანოს იმ ღონისძიებებში, რასაც საქართველო ახორციელებს. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან, როგორც აშშ-სთან, ასევე ევროკავშირთან. ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ინფორმაციის გაცვლა და კომუნიკაცია. შესაბამისად, არანაირი საფუძველი, ვინმემ ეჭვი შეიტანოს, რომ საქართველოში სანქციების აღსრულება ჯეროვნად არ ხდება, არ არსებობს. პირიქით, ძალიან ბევრი მადლობის წერილი აქვს საქართველოს მიღებული იმ ღონისძიებებისთვის, რაც განხორციელდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რათა სანქციების აღსრულება მოხდეს იმ სტანდარტით, რა სტანდარტიც არის დადგენილი“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა.

„ყველა ინსტრუმენტი, რაც საჭიროა, რომ ქვეყანას გააჩნდეს ამ მიმართულებით, როგორც საბაჟოს მიმართულებით, ასევე საფინანსო მიმართულებით საბანკო სექტორთან მიმართებით, ადგილზეა. მუდმივ კომუნიკაციაში ვართ უშუალოდ იმ ორგანოებთან და სააგენტოებთან, რომლებიც ახორციელებენ შესაბამის კონტროლს, როგორც ევროკავშირში, ასევე დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში, რომელთაც უშუალოდ დაწესებული აქვთ სანქციები. შესაბამისად, ღონისძიებები, რაც საქართველომ გაატარა, იძლევა გარანტიას, რომ საქართველო პირნათლად ასრულებს მის მიერ აღებულ ვალდებულებებს“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში