მიმდინარე და მომდევნო წელს ტურიზმის მიმართულებით ქვეყანას დაახლოებით 30-40%-იანი ზრდის შესაძლებლობა აქვს - ლაშა ხუციშვილი

23 იანვარი 2023, 16:04 500 ნახვა

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, გასულ წელს ტურიზმის ნაწილში აღდგენის პროცესი საკმაოდ ძლიერი იყო, მაგრამ ტურიზმის მაჩვენებელი პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებელზე ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა.

„ჩვენი მოლოდინი გამართლდა, გასულ წელს ტურიზმის აღდგენა წლიურ ჭრილში საკმაოდ ძლიერი იყო. მიღებულმა შემოსავალმა სამ ნახევარ მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ეს მოცულობა 2019 წლის პანდემიამდელ მდგომარეობის შედეგებს აჭარბებს, რომელიც თავის მხრივ საქართველოსთვის რეკორდული იყო. ტურიზმის ნაწილში აღდგენის პროცესი საკმაოდ ძლიერია. თუმცა, ასევე, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ რაოდენობრივ ნაწილში ტურისტების რაოდენობის მხრივ, ჯერ კიდევ არ არის დაბრუნებული ტურიზმის მაჩვენებელი იმ რაოდენობას რა რაოდენობაც პანდემიამდელ პერიოდში იყო. დაახლოებით 70%-ის ფარგლებშია, რაც მეორე მხრივ, მიუთითებს იმაზე, რომ ტურიზმს კიდევ საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, რომ მიმდინარე 2023 წელს ტურიზმი საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარების მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს. მიმდინარე და მომდევნო წელს ტურიზმის მიმართულებით ქვეყანას დაახლოებით 30-40%-იანი ზრდის შესაძლებლობა აქვს.

ასევე, პოზიტიურია სტატისტიკა ექსპორტის მიმართულებით, რომელიც 30%-ზე მეტით არის გაზრდილი გასულ წელს და ექსპორტმაც ბუნებრივია, მნიშვნელოვანი წილი შეიტანა ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით“,-განაცხადა ხუციშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში