სპორტის მთავარი

25 იანვარი 2023, 19:45 720 ნახვა

ბოლო ინფორმაციით, დინამო ბათუმის ღირსებას ახალი სეზონიდან 23 წლის სერბი საყრდენი, ნახევარმცველი ვლადან ვიდაკოვიჩი დაიცავს. ოფიციალური კონტრაქტი ითვალისწინებს 1 წლიან იჯარას გამოსყიდვის უფლებით, ფეხბურთელი დინამო ბათუმმა სლოვენიის მოქმედ ჩემპიონ „მარიბორიდან“ დაიმატა. 23 წლის ნახევარმცველმა ყოფილი გუნდის შემადგენლობაში 12 შეხვედრა ჩაატარა. ვიდაკოვიჩს კარიერის უდიდესი ნაწილი ასევე სერბულ „სპარტაკ სუბოტიჩაში“ აქვს გატარებული. ამ გუნდში სერბმა ფეხბურთელმა 93 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

კიდევ ერთი ტრანსფერი დინამო ბათუმის შემადგენლობაში. საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა სენეგალელი თავდამსხმელი მუსა კონატეს ტრანსფერი დაადასტურა. ფორვარდმა ბათუმურ კლუბთან 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდს თურქული შეკრების მეორე ეტაპის დაწყებამდე შეუერთდება. კონატე ბოლოს თურქული სივასპორის რიგებში თამაშობდა, მანამდე კი ტუნისის ესპერანსეში, ფრანგულ დიჟონსა და ამიენში, შვეიცარიულ სიონში, იტალიურ ჯენოაში, რუსულ კრასნოდარსა და თელ ავივის მაკაბიში ასპარეზობდა. ეროვნული ნაკრების რიგებში მან 2018 წლის მუნდიალზე ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა.სულ კი ნაკრებში 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 12 გოლი გაიტანა.

ნიონში 2022/23 წლების ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა. ოთხთა ტურნირს, პირველობისთვის A ლიგის გამარჯვებულები: ნიდერლანდები,ხორვატია,იტალია და ესპანეთი ითამაშებენ. მატჩებს ნიდერლანდები უმასპინძლებს. პირველი ნახევარფინალური შეხვედრა 14 ივნისს როტერდამში ჩატარდება, სადაც ერთმანეთს ესპანეთი და იტალია დაუპირისპირდებიან. მეორე მატჩი ნიდერლანდებსა და ხორვატიას შორის 15 ივნისს ენსხედეში ჩატარდება. 18 ივნისს კი უკვე ფინალი იქნება და ასევე მატჩი მესამე ადგილისთვის. ერთა ლიგის პირველი ტურნირი 2018 წელს პორტუგალიას აქვს მოგებული, 2021ში კი საფრანგეთმა მოიგო. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ჩ ლიგის მეოთხე ჯგუფის გამარჯვების შემდეგ, B ლიგის საგზურიც მოიპოვა და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში თამაშის უფლებაც.

ყაზანი წელს უეფას სუპერთასის მატჩს არ უმასპინძლებს. ორგანიზაციამ ახალი მასპინძლის მოძიება უკვე დაიწყო. უკრაინასთან ომის გამო, რუსეთის ნაკრებები და კლუბები საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთილები არიან, სანქტ-პეტერბურგს კი უკვე ჩამოართვეს 2022 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლება და საბოლოოდ მატჩი პარიზში ჩატარდა. უეფას სუპერთასის მატჩი 1972 წლიდან ტარდება. ტიტული ყველაზე მეტჯერ ბარსელონას, რეალსა და მილანს აქვთ მოგებული - ხუთ-ხუთჯერ. შარშან სუპერთასის გამარჯვებული მადრიდის რეალი გახდა, რომელმაც ფრანკფურტის აინტრახტი 2:0 დაამარცხა.

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ჯგუფური ეტაპი დაიწყო. გიორგი შერმადინის ტენერიფემ, რომელიც ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია, ესპანურ მურსიას უმასპინძლა და 20 ქულით - 85:65 დაამარცხა. შეხვედრაში მონაწილეობა სამმა ქართველმა კალათბურთელმა მიიღო. გიორგი შერმადინმა 7 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. თად მაკფადენი მურსიას 2 ქულითა და 2 მოხსნით დაეხმარა. რატი ანდრონიკაშვილმა კი ერთი მოხსნა და 2 პასი მიითვალა. შერმადინის ტენერიფე მეორე ტურში თურქულ დარუშაფაქას შეხვდება, ხოლო მურსია ბილბაოს დაუპირისპირდება.

NBA-ის G ლიგაში გიორგი ბეჟანიშვილის კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსმა კლივლენდ ჩარჯი 111:106 დაამარცხა. ქართველი კალათბურთელი სტუმართა რიგებში ერთ-ერთ საუკეთესო იყო.ბეჟანიშვილი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 24 წუთში 15 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. გიორგის 100%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა, 5დან 5 ორქულიანი ჩააგდო და ერთიც სამქულიანი, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან 5მცდელობიდან 2 გამოიყენა. ამასთან მას 4 დაკარგვაც ჰქონდა და 5 პერსონალური ფოლის მიღებაც მოასწრო. კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსს 5 მოგება და 5 წაგება მოუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი ხვალ დილით ისევ კლივლენდელთა წინააღმდეგ ჩაატარებს.

ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალები ცნობილია, როგორც კაცთა, ასევე ქალთა თანრიგში . ნახევარფინალები სტარტს აიღებს რიბაკინას და აზარენკას დაპირისპირებით რომელიც ხვალ 12 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. მეორე კი ასევე ქალთა რიგებში ლინეტსა და საბალენკას შორის, 14 საათზე დაიწყება. რაც შეეხება მამაკაცებს რუსი ხაჩანოვი ბერძენ ციციპასს დაუპირისპირდება, ხოლო მეორე შეხვედრაში ტომი პოლი ლეგენდარულ ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება. ორივე მატჩი 27 იანვარს ჩვენი დროით დილის 7 საათზე გაიმართება.

საქართველოს ჩემპიონმა წყალბურთში დინამო თბილისმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-6 ტურის მატჩი ჩაატარა, საკუთარ აუზზე გერმანულ ვასპო ჰანოვერს დაუპირისპირდა. ეს იყო „ა“ ჯგუფის აუტსაიდერთა შეხვედრა, რადგან წინა 5 ტურის შემდეგ ორივე გუნდი გამარჯვების გარეშე იყო. დინამომ ვერ მოახერხა ჰანოვერისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ამჯერადაც დამარცხდა - 11:14. დინამო თბილისი A ჯგუფში მოგების გარეშე და 6 წაგებით ბოლო, მე-8 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 7 თებერვალს, იტალიურ პრო რეკოს უმასპინძლებს.

 

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში