ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების მიერ, ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს - ლაშა ხუციშვილი

26 იანვარი 2023, 11:43 492 ნახვა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სანქციების აღსრულების მხარდაჭერის მიზნით, მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია აშშ-ის საელჩოსთან, კომპეტენტურ უწყებებთან, ევროკომისიის DG TAXUD-თან, ევროკავშირის კრიზისების მართვის გუნდთან და პარტნიორი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციებთან.

მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციით, საქართველოს მიეცა საერთაშორისო სანქციების სასწავლო პლატფორმა DOLFIN-ზე დაშვება და ამჟამად, საბაჟო დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა უკვე მოიპოვა ექსპერტის სერტიფიკატი.

მინისტრის განცხადებით, შემოსავლების სამსახური და ქვეყნის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, გემებისა და გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. თუ გემი, ტვირთი ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება.

„ზემოაღნიშნული ძალისხმევის შედეგი სახეზეა – მიღებულია საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1 000-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე, პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 500-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება. როგორც უკვე აღინიშნა, ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, აგრეთვე, ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია (მათ შორის, ტრანზიტი, ექსპორტი და რეექსპორტი), რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების მიერ, ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში