დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

27 იანვარი 2023, 15:45 684 ნახვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ავიაციის, საზღვაო და უსაფრთხოების მინისტრმა, ბარონესა ვერემ ლონდონში ხელი მოაწერეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებას. დოკუმენტი უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მერვე რაუნდის ფარგლებში გაფორმდა - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ვრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო მიმოსვლის შეთანხმების მიხედვით, ავიასაწარმოებს საშუალება ეძლევათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტარიფები, ტევადობა და სიხშირე, საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც განხორციელდება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა. ასევე, შეთანხმების პროექტით დარეგულირდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ფრენის უსაფრთხოება და საავიაციო უშიშროება, უფლებების მინიჭება, ავიაგადამზიდველების დანიშვნა, ჩიკაგოს კონვენციის გამოყენება, ავიაკომპანიების მიერ ერთობლივი კოდების გამოყენება და ა.შ.

"აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერა ხელს შეუწყობს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შორის რეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებას, თავისუფალი კონკურენციის ამაღლებას, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარებას“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მსგავსი ტიპის შეთანხმებები გაფორმებული აქვს მრავალ პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის ისრაელთან, ჩინეთთან, კორეის რესპუბლიკასთან, ინდოეთთან, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებთან, ბაჰრეინთან, კატართან და ა.შ.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ორმხრივად გაფორმების საჭიროება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ დადგა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში