ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციედლება - მთავრობის სხდომა

30 იანვარი 2023, 12:52 635 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ახალი პროგრამა იწყება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს, კერძოდ: აშენდება 330 ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 555 არსებულ ბაღს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული საკითხი, დღეს, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ მთავრობის სხდომაზე განიხილეს.

ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება. აღსანიშნავია, რომ პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 100 მილიონი ლარი 2023 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.

"სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს, ტენდერები უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

ახალი პროგრამის ფარგლებში, საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და რეაბილიტირდება. მოეწყობა ბაღების შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის. საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარება ადგილობრივი თვითმართველობების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და პრიორიტეტების მიხედვით იგეგმება"- აცხადებენ საქართველოს მთავრობაში.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, საქართველოში, 2023 წლის მონაცემებით, 1 668 ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება ფუნქციონირებს.

"ბოლო წლებში განხორციელებული მასშტაბური სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად, ბაღების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული გამოწვევები კვლავ რჩება, რისთვისაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ახალი პროგრამა იწყება. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 100 მილიონი ლარი 2023 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია. მშენებლობა-რეაბილიტაცია ეტაპობრივად განხორციელდება. ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარება, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და პრიორიტეტების მიხედვით იგეგმება“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში