მთავარი სპორტში

30 იანვარი 2023, 20:01 735 ნახვა

საქართველოს 2023 წლის ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი 25 თებერვალს დაიწყება. პირველ ტურში უმაღლესში დაბრუნებული "სამტრედია" "თელავს" უმასპინძლებს, მატჩი 15 საათზე დაიწყება. ხოლო "დილა" გორში შეხვდება ჩემპიონ "დინამო თბილისს", აღნიშნული შეხვედრა 18 საათზე აიღებს სტარტს. ტურის დარჩენილი შეხვედრები 26 თებერვალს ჩატარდება. საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ პირველ შეხვედრაში უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ ქობულეთის „შუქურას“ დაუპირისპირდება.

სტეფან ჰაიდანი ბათუმის „დინამოს“ შემადგენლობაში აღარ ითამაშებს. სერბი ფეხბურთელი ბათუმმა 1 თვის წინ„ვოჟდოვაციდან“ ერთწლიანი იჯარით, გამოსყიდვის უფლებით გადმოიყვანა, მაგრამ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე 28 წლის სერბმა ბათუმში თამაში აღარ ისურვა. ფეხბურთელი გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზეც იყო, მაგრამ ბოლო მატჩში გრაცის „შტურმთან“იგი შავიზღვისპირელების განაცხადში არ ყოფილა.

გერმანული მედიის ცნობით „ფეჰერვარის“ ყოფილი ფორვარდი, საქართველოს ნაკრების წევრი კარიერას გერმანიაში გააგრძელებს. ბუდუ ზივზივაძე კარლსრუეში დღეს ჩავა და კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს. გერმანიის 18-გუნდიან მეორე ბუნდესლიგაში „კარლსრუე“ 18 ქულით მე-15 ადგილზეა. გერმანულ კლუბში ზივზივაძე მეორე ქართველი ფეხბურთელია. შეგახსენებთ, რომ 2007-2012 წლებში „კარლსრუეში ალექსანდრე იაშვილი თამაშობდა, რომელიც გუნდის კაპიტანი იყო.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ პოლონურ ჩენსტოხოვის რაკუვთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა, ფეხბურთელს ხელშეკრულება ზაფხულამდე ჰქონდა, მაგრამ როგორც რაკუვის პრესსამსახური აცხადებს გვილია პოლონურ გუნდში აღარ ირიცხება. ამჯერად 28 წლის ქართველი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსითაა და სად გააგრძელებს კარიერას ჯერ-ჯერობით უცნობია.ვაკო გვილია რაკუვში 2021 წლის აგვისტოში გადავიდა, მისი მაისურით სულ 28 ოფიციალურ შეხვედრაში ითამაშა და თითო გოლითა და საგოლე პასით გამოირჩა. წინა სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა ჩენსტოხოვის კლუბთან ერთად პოლონეთის თასი და სუპერთასი მოიგო, ქვეყნის ჩემპიონატში კი ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. ვაკოს 2022/23 წლების სეზონი ტრავმების გამო პრაქტიკულად გაუცდა - მოედანზე ერთხელ ექსტრაკლასას მატჩში გავიდა, სამჯერ კი კონფერენსლიგაში.

 

ხვიჩა კვარაცხელია მოედანს დაუბრუნდა და „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში „რომასთან“ წინააღმდეგ ითამაშა, რომელიც ნეაპოლელებმა 2:1 მოიგეს. მე-17 წუთზე ქართველი შემტევი მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შევიდა და ბურთი ვიქტორ ოსიმენს გადააწოდა, რომელმაც ბურთი კარგად დაამუშავა და „ნაპოლი“ 1:0 დააწინაურა. 69-ე წუთზე ლუჩანო სპალეტიმ ქართველი ფეხბურთელი შეცვალა. 6 წუთში „რომამ“ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ 86-ე წუთზე ჯოვანი სიმეონემ „რომას“ მეორედ გაუტანა და საბოლოო ანგარიში 2:1 დააფიქსირა. 20 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 53 ქულა დააგროვა და სერია A-ს ლიდერია და მეორეადგილოსან „ინტერს“ 13 ქულით უსწრებს. კვარაცხელიას ანგარიშზე კი იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 16 მატჩში 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ მორიგი მარცხი განიცადა. ქართველის გუნდი ძალიან ცუდად გამოიყურება და ბოლო პერიოდის სტატისტიკაც ამას მოწმობს. ბოლო 10 თამაშიდან მხოლოდ ერთი მოგებაა მათ ანგარიშზე, მამარდაშვილმა მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა, 5 სეივი ჰქონდა, მაგრამ ამჯერადაც დაცვის ცუდი თამაშის გამო ქართველმა გოლკიპერმა გუნდი მარცხისგან მაინც ვერ იხსნა და ვალიადოლიდმა ბოლო წუთზე გატანილი გოლით ვალენსიელები 1:0 დაამარცხეს. ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული 18 მატჩის შემდეგ, ვალენსიას 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციაზეა, ჯენარო გატუზოს გუნდს მომდევნო შეხვედრის ჩატარება 3 თებერვალს, სტუმრად მადრიდის რეალთან მოუწევს.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პორტუგალიის გრან პრიზე გამოსვლა ორი მედლით, თითო ოქრო-ვერცხლით დაასრულა. ილია სულამანიძემ ნახევარფინალში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ჩეხი ლუკაშ კრპალეკის ძლევის შემდეგ, ფინალში ერთ წუთში ორი ვაზარით იაპონელი დოტა არაი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს შეჯიბრზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ფინალი იჭიდავა მძიმეწონოსანმა საბა ინანეიშვილმა, თუმცა ოქროსთვის ბრძოლაში დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა. 4-5 თებერვალს კი ქართველი ძიუდოისტები გაცილებით ძლიერი შემადგენლობით პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ.

რუსთავის საკალათბურთო დარბაზმა საქართველოს სუპერლიგის ვარსკვლავთა მატჩს უმასპინძლა. ერთმანეთს ქართველთა და ლეგიონერთა გუნდები დაუპირისპირდნენ. როგორც ყველა „ოლ სტარი“, ეს მატჩიც სანახაობრივი გამოდგა და ადგილობრივების გამარჯვებით 113:111 დასრულდა. „ოლ სტარის“ საუკეთესო მოთამაშედ გუგა პატაშური დასახელდა, რომელმაც 23 წუთში 30 ქულა მოაგროვა. ეფექტური გდებებით დაგვამახსოვრა თავი და ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული გახდა „ბათუმის“ კალათბურთელი კაილ რიდლი. სამქულიანების კონკურსი მიხეილ ბერიშვილმა მოიგო.

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულია. სერბმა ფინალურ დაპირისპირებაში სტეფანოს ციციპასი სამ სეტში 6:3,7:6,7:6 დაამარცხა და ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი მეათედ გახდა. მას ფინალური ეტაპი ავსტრალიაში არასდროს წაუგია ათიდან ათი მოგება აქვს. საერთო ჯამში კი ეს სერბის კარიერაში დიდი სლემის 22-ე ტიტულია, რითაც რაფაელ ნადალს გაუთანაბრდა. ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის მოგებისთვის 2000 სარეიტინგო ქულას მიიღებს. შედეგად კი, „ეი-ტი-პი“-ს განახლებულ რეიტინგში პირველ პოზიციას დაუბრუნდება.

 

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში