სააკაშვილს ბოლო ერთი კვირაა, სჭირდება ხელოვნური კვება, იმ პრეპარატების მიცემა, რაც მისთვის აუცილებელია, თუმცა უარს აცხადებს - სააკაშვილის ექთანი

01 თებერვალი 2023, 16:33 559 ნახვა

მიხეილ სააკაშვილს ბოლო ერთი კვირაა, სჭირდება ხელოვნური კვება, იმ პრეპარატების მიცემა, რაც მისთვის აუცილებელია, თუმცა კატეგორიულ უარს აცხადებს, – ამის შესახებ, სააკაშვილის პირადმა ექთანმა ქეთევან ღვინიანიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში სააკაშვილი წონაში მკვეთრად იკლებს, საკმარისად არ იკვებება.

„მე და მიხეილ სააკაშვილს გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, ძალიან მენდობა, არაფერზე უარს არ მეუბნება ამ ბოლოს, კვების საკითხის გარდა. აგრესია არ ჰქონია ჩემ მიმართ. სრულფასოვნად არ იკვებება, ფაქტი სახეზეა – ადამიანი იკლებს, არის სუსტად. გადასხმები, სისხლის აღება – პროცედურებზე ჩემთვის უარი არ უთქვამს, თუ არ ჩავთვლით ხელოვნურ კვებას, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მას სჭირდება. გუშინწინაც მქონდა საუბარი და კატეგორიული უარი მითხრა. მას უფლება აქვს, უარი განაცხადოს. არ ვიცი, რატომ ამბობს უარს. არ იმყოფება უგონო მდგომარეობაში და მან უნდა თქვას. ერთი თვის წინ, უნდობლობის გამო მოხდა, რომ აღარ შემაქვს (საკვები), ვამჯობინეთ, მშობელს შეეტანა.

ინტოქსიკაციის შემდეგ მოხდა ეს. 24-საათიანი რეჟიმით მიწევს მუშაობა და ჩემს მორიგეობაზე ბადრაგმა დამიძახა, ხმაური გაიგონა, ყურადღებიანები არიან. შევედი და ვნახე მუხლებზე დავარდნილ მდგომარეობაში. გონების კარგვა ჩემი თვალით არ მინახავს. ავაყენეთ და ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მუხლებზე იყო დავარდნილი და ხელებზე დაყრდნობილი. მივდიოდი საპირფარეშოში, თავბრუ დამეხვა და ვიფიქრე, ამას დავეყრდნობიო. დამხმარე კონსტრუქციით გადაადგილდება ბოლო დროს. ბოლოს, ეტლით მიმაყვანინა თავი საპირფარეშომდე. ჩაცმა, ბანაობა, წვერის გაპარსვა თავიდან დამოუკიდებლად არ უჭირდა. ბოლო ორი თვეა, უჭირს ჩაცმა, მკლავის აწევა და ვეხმარებით. აღნიშნავს, რომ თავბრუ ეხვევა და ვარდება, ჩვენ ეს არ დაგვინახავს“, – განაცხადა სააკაშვილის პირადმა ექთანმა ქეთევან ღვინიანიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში