ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციას მესამე ვადით უხელმძღვანელებს

04 თებერვალი 2023, 18:51 646 ნახვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მესამე ვადით ლევან კობიაშვილი იქნება.
არჩევნებში ხმის უფლების მქონე 28 დელეგატმა მიიღო მონაწილეობა და მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა ლევან კობიაშვილს მისცა, რომელიც ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანოს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

დელეგატებმა ასევე აღმასრულებელი კომიტეტის შემდეგი შემადგენლობა აირჩიეს:  აკაკი ალადაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ილია ინჯია, ნინო სორდია, თენგიზ სულაქველიძე, რომან ფიფია, ბესიკ ჩიხრაძე, კახა ჭუმბურიძე, გოჩა ჯამარაული და ნიკოლოზ ჯღარკავა.

"დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. დელეგატებს, საზოგადოებას, გულშემატკივრებს, მედიის წარმომადგენლებს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს წლები, როდესაც ერთობლივად, საკმაოდ რთულ პერიოდში ჩავიბარეთ ფეხბურთის ფედერაცია. დღეს კი, განხორციელებული პროექტები იმის საშუალება გვაძლევს, რომ დავინახოთ პროგრესი, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს. 
დარწმუნებული ვარ, მომდევნო 4 წელი არ იქნება მარტივი, იქნება გამოწვევები, თუმცა მე და ჩემი გუნდი მზად ვართ, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. - განაცხადა კობიაშვილმა.

ლევან კობიაშვილმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას ქართული ფეხბურთის განვითარების ახალი სტრატეგიის შესახებ, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ გასულ წელს წარადგინა და მოიცავს ყველა მიმართულებას ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებისთვის.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში