დიდთოვლობის გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს

06 თებერვალი 2023, 12:28 859 ნახვა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გართულებული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზები განუწყვეტლივ მუშავდება ქვიშა-მარილის ნარევით.

ამ ეტაპზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმები მოქმედებს შემდეგ საავტომობილო გზებზე:

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ30-კმ50 (სოფ. გომბორი-შუა მთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-საჩხერე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

თოვლისა და მოსალოდნელი ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ66 (კორშა-ბისო) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის კმ1-კმ53 (ჟინვალი-კორშა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი- ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ151 მონაკვეთზე (მელე-ლასდილი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ99-კმ125 მონაკვეთზე (ჭველიერი-მელე) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1- კმ99 (წყალტუბოს გადასახვევი-ჭველიერი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში