მაგისტრალური გზები ის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელსაც ინტენსიურად ვავითარებთ - ირაკლი ქარსელაძე

24 ოქტომბერი 2024, 17:09 281 ნახვა
 

წელს მაგისტრალური გზების განვითარების უკვე 6 წარმატებული შედეგი გვქონდა, რომელიც უკავშირდება, როგორც უმნიშვნელოვანესი პროექტების, ისე საეტაპო ფაზების დასრულებას, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რიკოთის ახალი მაგისტრალური, ოთხზოლიანი გზის 48 კმ-ით უკვე შესაძლებელია შემცირებულ დროში გადაადგილება. მისი თქმით, ასევე, ბოლო თვეებში გაიხსნა ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი მაგისტრალური გზა, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მონაკვეთი, ბაკურციხე-წნორის 18 კმ-იანი მაგისტრალური გზა და ამ მიმართულებით მომდევნო წელიც შედეგიანი იქნება.

მისივე განცხადებით, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები რუსთავი-წითელი ხიდი-ალგეთი-სადახლოს მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტზე, ასევე, მოსამზადებელი პროცედურებია დაწყებულია სამივე საგზაო დერეფნის - აღმოსავლეთ-დასავლეთის, კახეთისა და სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებით ახალი პროექტების განხორციელებისთვის.

„მომავალ წელს დაგეგმილია საგარეჯო-ბადიაურის გზის დასრულება და კახეთის მიმართულებით უკვე 52 კმ მაგისტრალური გზა გვექნება აშენებული. ასევე, გათვალისწინებულია ბადიაური-ჩალაუბნის, გურჯაანი-თელავისა და ლაგოდეხის შემოვლითი გზის მშენებლობა. დაგეგმილია ლილოს შემოვლითი გზის მშენებლობის დაწყება და თბილისში დასავლეთიდან შემოსასვლელ-გასასვლელი ახალი გზის მშენებლობა“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის თქმით, ინტენსიური მოძრაობის განტვირთვისთვის იგეგმება მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება წიწამური-ჟინვალის მიმართულებით - ნატახტრის შემოვლითი გზის მშენებლობა.

„ჩვენ ვსაუბრობთ საგზაო მიმართულებით თვისობრივად სხვა განვითარების დონეზე მყოფ ქვეყანაზე. რეალურად, ყველა ამ საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შედეგად, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობისთვის მხოლოდ 3 საათი დაგვჭირდება. სამუშაოების დასრულების შემდგომ სტეფანწმინდამდე მგზავრობას საათნახევარს, ხოლო თელავამდე 1 საათსა და 20 წუთს მოვანდომებთ“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში