ესებუას დაკავება არის არა მხოლოდ სამართლიანობის აღდგენა, არამედ გამაფრთხილებელი სიგნალი ცდუნებას აყოლილი კრიმინალური რომანტიკოსებისთვისაც - რატი ბრეგაძე

08 თებერვალი 2023, 10:51 448 ნახვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ბადრი ესებუას დაკავებას სოციალური ქსელით ეხმაურება. როგორც რატი ბრეგაძე წერს, პოლიციელებს რთული ოპერაციის წარმატებით დასრულებას ულოცავს.

„ვულოცავ ყველა პოლიციელს, ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით, რთული ოპერაციის წარმატებით დასრულებას. ესებუას დაკავება არა მხოლოდ სამართლიანობის აღდგენა, არამედ ასევე გამაფრთხილებელი სიგნალია ცდუნებას აყოლილი კრიმინალური რომანტიკოსებისთვისაც“, - წერს რატი ბრეგაძე.

დღეს, "საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა ზუგდიდში, სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს.

ბანკის შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავმდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში