სტიქიური უბედურების რეგიონში ნანგრევებში ცოცხლებს პოულობენ

09 თებერვალი 2023, 11:30 657 ნახვა

ქალაქ ჰათაიში მომხდარი ძლიერი მიწისძვრიდან თითქმის 68 საათის შემდეგ სტამბულის მუნიციპალიტეტის სამაშველო ჯგუფებმა შენობის ნანგრევებიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს. მათი თქმით, პატარა  ელენე თავს კარგად გრძნობს და იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

ადიამანის პროვინციაში, სამძებრო-სამაშველო ჯგუფმა ნანგრევების ქვეშ ერთი ოჯახის ოთხი წევრი ცოცხალი  იპოვეს. კოსოვოს  მაშველთა გუნდმა თურქეთის ჰატაის პროვინციაში   ნანგრევებიდან ორი წლის ბავშვი და მისი დედა გადაარჩინეს. 

გაზიანთეპში ნანგრევებიდან 62 საათის შემდეგ  25 წლის ფატმა დემირი ამოიყვანეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტად გრძელდება სირიაშიც. 

ქალაქ  იდლიბთან ახლოს თეთრი ჩაფხუტების მოძრაობის მოხალისეები უმღეროდნენ პატარა გოგონას, სანამ მას სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანდნენ.  მისი ნანგრევებიდან ამოყვანას მაშველებმა მთელი ღამე მოანდომეს.

სირიის ხელისუფლების მონაცემებით, 298 ათასზე მეტი ადამიანი დარჩა უსახლკაროდ, მათთვის სტიქიის რეგიონში  180 დროებითი თავშესაფარია გახსნილი. სირიაში სამაშველო სამუშაოებს ართულებს ქვეყანაში მიმდინარე  კონფლიქტი, რომელმაც მისი ინფრასტრუქტურა გაანადგურა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში