ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომ საქართველო არ იცავს სანქციებს - კელი დეგნანი

09 თებერვალი 2023, 16:04 624 ნახვა

ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომ საქართველო არ იცავს სანქციებს, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა

ასევე აღნიშნა, ოფიციალურ ვაშინგტონს არასდროს მოუხდენია ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ რუსეთთან ორმხრივი სანქციები დაეწესებინა. 

"საქართველომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით ის პოზიცია დაიკავა, რომელიც მოსახერხებელია მისთვის. ჩვენ თავიდანვე გაგებითა და გულისხმიერებით მოვეკიდეთ იმას, რომ საქართველო სენსიტიურ მდგომარეობაშია, მისი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. ჩვენი დისკუსია საქართველოსთან ყოველთვის შეეხებოდა იმას, თუ რა არის კომფორტული საქართველოსთვის უკრაინის დახმარების ნაწილში. ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც ქართველმა ხალხმა და ხელისუფლებამ ასე გულუხვად გაიღო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სამრეწველო გენერატორები, რომლებიც ხელისუფლებამ გაგზავნა, ახლა უკრაინისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. აგრეთვე, საქართველო თავიდანვე ასრულებდა საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს. გაქვთ ძალიან კარგი ეროვნული ბანკი და ძალიან პროფესიონალი ფინანსთა სამინისტრო. ისინი უზრუნველყოფენ საქართველოს შესაბამისობას საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან. ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომ ისინი არ იცავენ სანქციებს.

არის უზარმაზარი რაოდენობის ტვირთი, რომელიც შემოედინება და გაედინება ჩვენს საზღვრებზე. არა მგონია, ვინმემ 100-პროცენტიანი დარწმუნებით თქვას, მაგრამ ვფიქრობ, რაც ჩვენ ვნახეთ ათწლეულების განმავლობაში საბაჟო სამსახურთან და სასაზღვრო პოლიციასთან მუშაობისას არის ის, რომ მათ აქვთ სათანადო ცოდნა, ტრენინგი და აღჭურვილობა, იციან, რას აკეთებენ და როგორც შეუძლიათ, საუკეთესოდ აკეთებენ ამ ვითარებაში“, - განაცხადა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

ჟურნალისტის შეკითხვაზე  სწორად მიაჩნია თუ არა ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტირება და აქციების დაანონსება, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეები ელოდებიან პოლიტიკური ლიდერების ერთობლივი მუშაობის შედეგებს გამოწვევების დასაძლევად და საქართველოს წინსვლისთვის.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობას აქვს მშვიდობიანი პროტესტისა და საკუთარი აზრის მშვიდობიანი გზით გამოხატვის თავისუფლება და უფლება. მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი, აზრის გამოხატვა იყოს მშვიდობიანი და ეს არის ქვეყანა, სადაც ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი გზაა, მაგრამ სხვა გზებიც არსებობს ამის გასაკეთებლად, მათ შორის პარლამენტში მუშაობა, ადგილობრივ ხელისუფლებაში მუშაობა. ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაა, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გამოიყენონ პარლამენტი, რომელსაც ისინი ქმნიან ბოლო 30 წლის განმავლობაში, განსხვავებული მოსაზრებების შეჯერებისა და საქართველოს მოსახლეობისთვის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. ეს არის ის, რასაც საქართველოს მოსახლეობა ელოდება. ისინი ელოდებიან პოლიტიკური ლიდერების ერთობლივი მუშაობის შედეგებს გამოწვევების დასაძლევად და საქართველოს წინსვლისთვის. ჩვენ ხშირად არ გვინახავს საქართველოს პოლიტიკური ლიდერების ერთობლივი მუშაობა და ვიტყოდი, რომ ეს იმის გამო ხდება, რომ პარლამენტის შიგნით ვითარება რთული იყო და ამას ხშირად მივყავართ იქამდე, რომ ადამიანები ფიქრობენ, ერთადერთი ფორმა, რომლითაც მათ შეუძლიათ საკუთარი შეხედულებების გამოხატვა, არის მშვიდობიანი პროტესტი“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში