„ბლუმბერგი“ - ბიძინა ივანიშვილს „კრედიტ სუისმა“ 210 მლნ დოლარი გადაუხადა

16 თებერვალი 2023, 15:32 511 ნახვა

შვეიცარიული ბანკი „კრედიტ სუისი“ აცხადებს, რომ 210 მილიონი დოლარი გადაუხადა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ბანკთან ხანგრძლივი სასამართლო დავები აქვს. ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ ,შვეიცარიული ბანკის წარმომადგენლის ელექტრონულ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ  ბანკის განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, რომელ საქმეზე გადაუხადა ივანიშვილს თანხა, ასევე არაფერია ნათქვამი სინგაპურში მიმდინარე სასამართლო პროცესზე და არ არის მითითებული თანხის გადახდის ვადები.  სტატიის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიული ბანკის „კრედიტ სუისის“ სატრასტო დანაყოფს სინგაპურის სასამართლოში უჩივლა და ზარალის ანაზღაურებისთვის 800 მილიონი დოლარი მოითხოვა. ივანიშვილმა ფინანსური ორგანიზაცია დაადანაშაულა, რომ არ დაიცვა მისი ინვესტიციები და არ გადადგა სათანადო ნაბიჯები, რათა თავიდან აეცილებინა დანაკარგი, რომელიც დაკავშირებულია კომპანიის ყოფილი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ ჩადენილ თაღლითობასთან.  „კრედიტ სუისის“ სატრასტო დანაყოფი აცხადებდა, რომ მისი პასუხისმგებლობა შემოიფარგლებოდა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი აქტივების მართვით, ხოლო ინვესტიციებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ბიზნესმენი და მისი ქართველი ბიზნესკონსულტანტი იღებდნენ და ნებისმიერ ზარალზე პასუხისმგებლობა მათ ეკისრებოდათ.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში