ნავთობის იმპორტიორები დაგვპირდნენ, რომ საწვავის ფასს შეამცირებენ, ევროპის ქვეყნებმა ფასის ზედა ზღვარი გასაზღვრეს, ჩვენ არ გვინდა ამის გაკეთება - პრემიერი

20 თებერვალი 2023, 14:45 637 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნავთობის მსხვილი იმპორტიორები მთავრობის წარმომადგენლებს დაჰპირდნენ, რომ საწვავის ფასი შემცირდება.

პრემიერის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ იმპორტიორები ნავთობზე ადეკვატურ მარჟებს არ დააწესებენ, მთავრობას მათ საწინააღმდეგოდ ბერკეტები ექნება.

მისივე თქმით, ევროპაში ნავთობის ფასის ზედა ზღვარი არსებობს, რისი დაწესებაც მთავრობას საქართველოში არ სურს, ამიტომ იმედი აქვთ იმ საუბრის, რომელიც ნავთობიმპორტიორებთან გაიმართა.

„ნავთობის ფასებს რაც შეეხება, მინისტრებმა მსხვილ იმპორტიორებთან შეხვედრა გამართეს. გამოიკვეთა, რომ ის მარჟები, რაც იმპორტიორებს დაწესებული აქვთ, გონივრული არ არის. მათგან პირობა მივიღეთ, რომ ფასები დაიკლებს. პროცესი დაწყებულია. დაგვპირდნენ, რომ საწვავის ფასს კიდევ უფრო შეამცირებენ. ეს ჩვენს მოსახლეობაზე აისახება, მათ დაეხმარება და ინფლაციის დონეს მნიშვნელოვნად შეამცირებს. 

 

რა თქმა უნდა, ჩვენ იმპორტიორების არგუმენტებიც მოვისმინეთ. საკითხი მარაგების მართვასაც შეეხო. ბუნებრივია, ჩვენ მათ არგუმენტებსაც გავითვალისწინებთ და ხელს შევუწყობთ, მაგრამ თუ ვნახავთ, რომ მუშაობა რაციონალური და ადეკვატური მარჟებით არ გაგრძელდება, ამის საწინააღმდეგოდ მთავრობას გარკვეული ბერკეტები აქვს.

 

ევროპაში და მთლიანად მსოფლიოში ენერგოკრიზისი დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ევროპის ქვეყნებმა მაღალ ფასებთან ბრძოლა გადაწყვიტეს. მათ ფასის ზედა ზღვარი გასაზღვრეს. ჩვენ არ გვინდა ამის გაკეთება. ვეფუძნებით და იმედი გვაქვს იმ საუბრის, რომელიც გაიმართა. იმედია, თვის ბოლომდე ფასების კლება აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობას საწვავის იმპორტიორებთან ძალიან პროდუქტიული საუბარი ჰქონდა და საწვავის ფასის კლების ტენდენცია თვის ბოლომდე გაგრძელდება.

„დიალოგი როგორც საწვავის იმპორტიორებთან, ისე სურსათის იმპორტიორებთანაც გვქონდა. საწვავთან დაკავშირებით ბაზარზე კლების ტენდენცია უკვე დავინახეთ. „რეგულარის“ ფასი დღეს ზოგიერთ ბრენდირებულ ქსელში უკვე 2 ლარი და 39 თეთრია. ასევე, როგორც იცით, კომპანიებს მარკეტინგული სტრატეგიები გააჩნიათ, რაც დაახლოებით 15 თეთრამდე დამატებით შეღავათს გულისხმობს.

პროპორციულად „პრემიუმისა“ და სხვა კატეგორიის საწვავის ფასიც იკლებს. ჩვენი მოლოდინით, მიმდინარე კვირის ბოლომდე, საწვავი კიდევ 10 თეთრით გაიაფდება. თვის ბოლომდე, საწვავის მნიშვნელოვანი გაიაფების ტენდენცია იარსებებს. საწვავის იმპორტიორებთან ძალიან პროდუქტიული დიალოგი გვქონდა. მარჟები და ტენდენციები გავაანალიზეთ და ვფიქრობთ, რომ ყველაზე მოთხოვნად საწვავის კატეგორიებზე, როგორებიცაა „ევრო-რეგულარი“ და „რეგულარი“, საწვავის მარჟები ლოგიკური იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში