ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა - ეკონომიკის სამინისტრო

20 თებერვალი 2023, 15:40 586 ნახვა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა, - ეს გადაწყვეტილება მიიღო უწყებათაშორისმა კომისიამ, რომლის სხდომაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის სხდომას, რომელსაც ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი უძღვებოდა, სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

კომისიის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რამდენიმე თვეში საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით, პროექტის საუკეთესო ინვესტორს გამოავლენს. პარალელურად, სახელმწიფო განაახლებს არსებულ საინჟინრო/გარემოსდაცვით კვლევებს და პორტისთვის საჭირო გარკვეულ სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს.

"ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, სადაც დაგეგმილია, რომ სახელმწიფო იქნება 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი - 49 პროცენტის მფლობელი. ეს იქნება ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფორმატი, რომლის ფარგლებში, ერთობლივი კომპანია უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო სახსრების მოზიდვას, ასევე, ბოლომდე მიიყვანს პორტის სამშენებლო სამუშაოებს და დაიწყებს ოპერირებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს მიეცემათ 3 - თვიანი ვადა განაცხადების შემოსატანად. წარმოდგენილ წინადადებათა შეფასების შედეგად გამოვლინდება გამარჯვებული, ან რამდენიმე საუკეთესო კანდიდატი, რომლებთანაც დაიწყება მოლაპარაკებები კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე. გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო საორიენტაციო ვადას დაახლოებით 12 თვე წარმოადგენს.

სხდომის დასასრულს, უწყებათაშორისი კომისიის წევრებმა მოიწონეს განზრახულობათა შესახებ განაცხადი, რომელიც წარმოადგენს დოკუმენტაციას პირველ ეტაპზე პროექტის კერძო პარტნიორის შესარჩევად, რაც აისახა კომისიის სხდომის ოქმში"-განმარტავენ სამინისტროში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში