კანონის ძალაში შესვლამდე, სურსათზე ფასების კლების კუთხით, დადებით ტენდენციებს ველოდებით - ლევან დავითაშვილი

20 თებერვალი 2023, 16:46 599 ნახვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  განცხადებით, კანონპროექტს, რომელზეც სამინისტრო მუშაობს და რომელმაც სურსათზე ფასები უნდა დაარეგულიროს, პარლამენტი, სავარაუდოდ, მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს.

ლევან დავითაშვილის თქმით, კანონის ძალაში შესვლამდეც არის მოლოდინი, რომ სურსათზე, ფასების კლების კუთხით დადებითი ტენდენციები იყოს.

„სურსათის მიწოდების ჯაჭვი უფრო კომპლექსურია, ვიდრე საწვავის. აქ მრავალფეროვნებაც მეტია. სურსათი არ არის ერთი ან რამდენიმე პროდუქტი. ბაზარზე სურსათის ბევრი სახეობა არსებობს, ძალიან ბევრი გვყავს იმპორტიორი, ასეულობით კომპანია, სხვადასხვა მიმართულებით ბევრი დისტრიბუტორი და რეალიზატორი კომპანიაა წარმოდგენილი. შესაბამისად, ამ მუშა პროცესში ჩვენ დავინახეთ, რომ უფრო მეტი სიცხადის შესატანად საჭიროა მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებები არსებობდეს, უკვე საკანონმდებლო ინიციატივების სახით. მათ შორის, ჩვენ შევისწავლეთ ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა, ევროკავშირის სამართლიანი კონკურენციის შესახებ დირექტივა, რომლის საფუძველზეც მოვამზადეთ ძირითადი პრინციპებით კანონპროექტი.

ეს კანონპროექტი დაარეგულირებს ბევრ საკითხს და სამართლიან კონკურენციას უზრუნველყოფს. დარეგულირდება გადასახადის ვადები მიმწოდებლებისთვის, მათ შორის მარკეტინგული ხარჯების პირობები, ასევე, მარაგების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალედ გაზიარება, ე.წ. დამატებითი რეტრო ბონუსების საკითხი, უკან დასაბრუნებელი პროდუქტების საკითხები და სხვა და სხვა. ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია მარჟებთან და საკითხის ოპტიმიზაციასთან. ახალი რეგულაციებით, ვაჭრობის სხვადასხვა მონაწილე რგოლი დაინტერესებულები იქნებიან, რომ მაქსიმალურად ოპტიმალური იყოს პროცესები და შესაბამისად, გაზრდილი მარჟები, რომელიც, დღეს, როგორც წესი, ამ გადაზღვევის როლს ასრულებს, ამის საჭიროება აღარ იქნება. ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, რომ ის დამატებითი მარჟები შემცირდეს და მომხმარებელმა ოპტიმალურ ფასად მიიღოს პროდუქტი.

ვიდრე კანონი ძალაში შევა, ჩვენ ველოდებით დადებითი ტენდენციები ფასების კლების კუთხით უნდა იყოს სურსათზეც. ეს საკითხი სისტემურად დარეგულირდება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. კანონპროექტში მნიშვნელოვანი სანქციებიც გვაქვს გათვალისწინებული და ვფიქრობთ, რომ უფრო ცივილიზებულ, სასურსათო პირველადი მოხმარების ბაზარს მივიღებთ. გვინდა, რომ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მივიღოთ ეს კანონი“, - განაცხადა დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში