ჰათაის პროვინციაში გუშინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა - თურქული მედია

21 თებერვალი 2023, 10:13 594 ნახვა

თურქეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ჰათაის პროვინციაში გუშინ მომხდარი ორი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა, 294 კი დაშავდა. ამის შესახებ თურქული მედია თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუმზე დაყრდნობით წერს.

მინისტრის განმარტებით, ახალი ბიძგების შედეგად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია სამ ადგილას მიმდინარეობს.

გუშინ, ჰათაის პროვინციაში 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 20:04 საათზე დაფიქსირდა, მას მალევე მოჰყვა მეორე, 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი სამანდაგის რაიონში მდებარეობდა.

ბიძგები იგრძნობოდა სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის სირიაში, ლიბანში, იორდანიაში, ერაყში, ისრაელსა და კვიპროსზე.

ჰათაი 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული პროვინციაა. სტიქიას თურქეთში 41 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მეზობელ სირიაში დაიღუპა 4 500-ზე მეტი ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში