ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვის, განმეორებითი ძალადობის პრევენციის მიზნით, რისკების შეფასების ინსტრუმენტი გადამუშავდა - გომელაური

21 თებერვალი 2023, 17:27 496 ნახვა

ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვისა და განმეორებითი ძალადობის პრევენციის მიზნით, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის აქტიური ჩართულობით, გადამუშავდა რისკების შეფასების ინსტრუმენტი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ  გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, გასული წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, შესაბამის ბრძანებაში უკვე განხორციელდა საჭირო ცვლილებები. აღნიშნული ცვლილება კი ძალაში 2023 მაისიდან შევა.

"აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე, უფრო მეტ მსხვერპლს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს ძალადობისგან დაცვის ისეთი ეფექტიანი საშუალებით, როგორიც არის ელექტრონული ზედამხედველობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ საშუალებით სარგებლობისთვის აუცილებელია თავად მსხვერპლის თანამშრომლობა პოლიციასთან და მისი თანხმობა ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების თაობაზე“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებებისა და კომუნიკაციის სტანდარტის შესახებ არაერთი სწავლება დაორგანიზდა და ჩატარდა.

"2022 წელს, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირთა მონიტორინგის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაცია მომზადდა. მისი პრაქტიკაში აღსრულების და მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლები გადამზადდნენ. ასევე, ევროკავშირის პროექტის – „საქართველოში უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობის მხარდაჭერა“ – ფარგლებში, დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და კომუნიკაციის სტანდარტის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ და განაცხადა, რომ სამართალდამცველი უწყებებისთვის, ისევე, როგორც მთელი საზოგადოებისთვის გამოწვევად რჩება არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულები. ამასთან აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან ეფექტიანი ბრძოლისთვის პოლიციის სპეციალიზებული დანაყოფები შექმნა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ გამოწვევის საპასუხოდ არაერთი ღონისძიება ჩაატარა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ შეიქმნა პოლიციის სპეციალიზებული დანაყოფები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, პოლიცია ხშირად ფაქტზე აკავებს არასრულწლოვნებს, თუმცა, რეაგირების არსებული მექანიზმი არ იძლევა ამ ტიპის დანაშაულის აღმოფხვრის საშუალებას. „აღნიშნული მიმართულებით მთელ მართლმსაჯულების სისტემას, კანონმდებლებს, სამართალდამცველებს, სოციალურ სამსახურს და განათლების სისტემას ერთობლივი ღონისძიებები გვაქვს განსახორციელებელი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, "მინისტრის საათი" მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ. მინისტრი გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, ასევე უწყების სამოქმედო გეგმებზე ისაუბრებს, რის შემდეგაც დეპუტატების დასმულ კითხვებს უპასუხებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში