"ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებები არ არის აუცილებელი და საჭირო - დეგნანი

27 თებერვალი 2023, 14:57 1246 ნახვა

ეროვნული ბანკის სანდოობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მისი დამოუკიდებლობა, ვეთანხმები საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და პრეზიდენტის მოსაზრებას, რომ ეს ცვლილებები არ არის აუცილებელი და საჭირო, მაშინ როდესაც ეროვნულ ბანკში არის ისეთი გუნდი, რომელმაც ასე კარგად მართა ყველაფერი ამ პერიოდის განმავლობაში - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, ეროვნული ბანკის წარმატებულ მუშაობაზე მეტყველებს ის სტატისტიკა, რომელიც ბანკმა წარადგინა.

"რატომ უნდა შეიცვალოს ეს გუნდი, რატომ უნდა შეიცვალოს სტრუქტურა, რამაც მოიტანა ასეთი სტაბილური ეკონომიკური ზრდა, განსაკუთრებით ისეთ რთულ პერიოდში, როგორიც იყო „კოვიდი“, შემდგომ იყო რუსული ფულის შემოდინება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ამ ყველაფერს, ამ გამოწვევებს ძალიან კარგად გაართვა თავი ბანკმა, შესაბამისად დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი სტაბილურობისთვის. დასანანია, რომ აღნიშნული კანონი, ასე ვთქვათ, ნაჩქარევად იქნა შემუშავებული. ასევე, ის ეწინააღმდეგება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაში, ბანკის დამოუკიდებლობა ასეთ რთულ და მღელვარე პერიოდში“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ ამაყობს, რომ მხარი დაუჭირა ეროვნულ ბანკს და მის ხელმძღვანელს, რომელიც იღებდა გამბედავ გადაწყვეტილებებს, რის შედეგადაც მიღწეულია ეკონომიკური სტაბილურობა

შეგახსნებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა 23 თებერვალს „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ცვლილებებით შემოდის ეროვნული ბანკის მესამე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რაც ეჭვს იწვევს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში