განახლებული რეგიონების პროექტის ფარგლებში 600-მდე შენობის რეაბილიტაცია განხორციელდა, გაშენდა 92 სკვერი - ირაკლი ქარსელაძე

27 თებერვალი 2023, 16:10 573 ნახვა

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, განახლებული რეგიონების პროექტის ფარგლებში, 600-მდე შენობა სრულად რეაბილიტირდა და 92 სკვერი გაშენდა ან რეაბილიტირდა.

ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ განახლებული რეგიონების პროექტისთვის 400 მილიონ ლარზე მეტია ინვესტირებული.

„განახლებული რეგიონების პროექტის მიმართულებით, 400 მილიონ ლარზე მეტია ინვესტირებული. ამის შედეგად, 600-მდე შენობა, ენერგოეფექტური მასალის გამოყენებით, სრულად რეაბილიტირდა. 92 პარკი და სკვერი აშენდა ან რეაბილიტირდა. როდესაც რეკრეაციულ ზონებზე ვსაუბრობთ, აქ, საჭიროებიდან გამომდინარე, გათვალისწინებულია როგორც საირიგაციო სისტემები, ისე საინჟინრო ინფრასტრუქტურის განახლება და მოწყობა. ზოგ ადგილას, მაგალითად, მოცულობიდან გამომდინარე, მსგავსი სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება. 2023 წელი ამ მიმართულებით ძალიან აქტიური იქნება“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე   განცხადებით, რიკოთის უღელტეხილზე სამუშაოები გრძელდება, თუმცა ზოგიერთ მონაკვეთზე კონტრაქტორების მხრიდან მუშაობის მომატება აუცილებელია.

„რიკოთთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. დაწინაურებულია მეორე და მესამე მონაკვეთი: ხევი-უბისა, უბისა- შორაპანი. გეგმის შესაბამისად, რაც საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაგეგმილი აქვს, წლის ბოლოსთვის დასრულება არის გათვალისწინებული. შესაბამისად, არის მონაკვეთები, სადაც მოსამატებელია სამუშაოები კონტრაქტორების მხრიდან და აქ ინტენსიური კომუნიკაცია არის როგორც კონტრაქტორულ დონეზე, ასევე უშუალო ჩართულობებით. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ შესაბამისი ძალისხმევის პირობებში, როდესაც კონტრაქტორები გაითვალისწინებენ იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც როგორც საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიები, ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტი გასცემს, ეს გაკეთებადია მთლიანად“,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში