სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

27 თებერვალი 2023, 17:38 462 ნახვა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია "ტვ პირველის" ოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ერთი  მოქალაქე ამხილა - ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 20 დეკემბერს, ტელეკომპანია „ტვ პირველის” ოპერატორი ნ.კ. თბილისში, ფონიჭალაში, დავით აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა. რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა დ.მ.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ოპერატორ ნ.კ.-ს ვიდეოკამერას ხელი დაარტყა, რის შედეგადაც ნ.კ.-მ წონასწორობა დაკარგა და წაიქცა. აღნიშნული ქმედებით, ნ.კ.-ს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩაატარა და დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვა. აღნიშნულის საფუძველზე, 2023 წლის 27 თებერვალს დ.მ.-ს მიმართ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ  სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დაიწყო.

ჟურნალისტების უფლებების და მათი პროფესიული საქმიანობის დაცვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველაფერს აკეთებს, რათა ამ ტიპის საქმეების გამოძიება სწრაფი და ეფექტიანი იყოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში