ფერმიდან 600 ცხვრის გატაცების და მწყემსების თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე 5 პირი დააკავეს - შსს

01 მარტი 2023, 11:59 562 ნახვა

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 5 პირი დააკავეს. ინფორმაციას უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 1976 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, 1976 წელს დაბადებულ მ.რ.-ს და 1972 წელს დაბადებულ ზ.ბ.-ს ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ძარცვა. 1985 წელს დაბადებული ა.ა. დაკავებულია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ძარცვის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით.

"1985 წელს ლ. მ.-ს ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ძარცვა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

დანაშაულები 4-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება 1996 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ს და 1989 წელს დაბადებულ გ.ტ.-ს, მათი ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების მიზნით გრძელდება შესაბამისი ოპერატიული ღონისძიებები და საგამოძიებო ქმედებები. გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ბ.-მ , ნ.ბ.-მ, მ.რ.-მ და ზ.ბ.-მ ძალადობის მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ გაიტაცეს ლ.მ.-ის ფერმიდან 600 ცხვარი.

ლ.მ.-ს და გ.ბ.-ს შორის მომხდარი კონფლიქტის გარკვევის და დავის მოგვარების მიზნით, ლ.მ.-ის მხარემ კრიმინალურ ავტორიტეტს - ა.ა.-ს მიმართა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ა.ა.-მ და გ.ტ.-მ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება მწყემსებს, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ გ.ბ.-ის კუთვნილ 1068 ცხვარს. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ,,აკ-74’’-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები, აგრეთვე, ,,ნაგანის’’ სისტემის პისტოლეტი ვაზნებით, რომლებიც ა.ა.-მ და გ.ტ.-მ სავარაუდოდ მიმალვის დროს თავიდან მოიშორეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, 236-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში