ზაპოროჟიეში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა - დაიბომბა სუმის ოლქიც

02 მარტი 2023, 10:17 532 ნახვა

ზაპოროჟიეში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან ადამიანები.

მათივე ცნობით, მაშველებმა ნანგრევებიდან 11 ადამიანის ამოყვანა შეძლეს. ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ღამით დაიბომბა სუმის ოლქიც. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, აფეთქებები იყო პოლტავასა და ნიკოპოლშიც.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერია მტრის 170-ზე მეტი შეტევა.

მათივე განმარტებით, რუსმა ოკუპანტებმა 14 სარაკეტო შეტევა განახორციელეს სამოქალაქო ობიექტებზე ხარკოვის, პოლტავასა და დონეჩინის რეგიონებში. მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაჭრილები, დაზიანებულია საცხოვრებელი მაღალსართულიანი კორპუსები და კერძო სახლები.

როგორც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, 16 საავიაციო დარტყმა და 20-ზე მეტი თავდასხმა განხორციელდა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან.

უკრაინის უმეტეს რეგიონებში საჰაერო განგაშის სიგნალი ისმის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში