საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი კლინიკების და სერვისის მიმწოდებლების რეგისტრაცია/დამატება დროებით შეჩერდა - ჯანდაცვის სამინისტრო 

02 მარტი 2023, 10:28 1045 ნახვა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი კლინიკების და სერვისის მიმწოდებლების რეგისტრაცია/დამატება, 2023 წლის 31 დეკემბრამდე, დროებით შეჩერდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე განმარტებით, გადაწყვეტილების მიზანი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი, გაუმჯობესებული სერვისების მიწოდება და პროგრამაში ჩართულ დაწესებულებათა ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრაა.

"ამ პერიოდში სამინისტრო ვალდებულია შეიმუშაოს კრიტერიუმები და სტანდარტები, რომლითაც პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის, სამართლიანი და კონკურენტული პირობები განისაზღვრება.

პროგრამაში უკვე ჩართული ყველა კლინიკა, ვალდებულია შეინარჩუნოს ის სერვისები, რომელსაც პროგრამის ფარგლებში ახორციელებდნენ.

შეზღუდვა არ ვრცელდება ზოგადი ანესთეზიით სტომატოლოგიური მომსახურებასა და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციაზე"- განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

შესაბამისი მთავრობის დადგენილება მიმდინარე წლის 21 თებერვლიდან შევიდა ძალაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში