პუტინის ომმა უკრაინაში სულ მცირე 462 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა

05 მარტი 2023, 10:18 625 ნახვა

პუტინი უკრაინაში საომარ მოქმედებებს აგრძელებს, ყოველდღიურად იზრდება მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ზაპოროჟიეზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, მათ შორის 8 თვის ბავშვია.

საცხოვრებელ უბანზე მტერმა იერიში 2 მარტს მიიტანა, ამ დროისთვის 100-ზე მეტი პირი ევაკუირებულია.

ომის დაწყებიდან რუსეთის აგრესიას სულ მცირე 462 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 930-ზე მეტი არასრულწლოვანი. უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, მონაცემები აქტიური საომარი მოქმედებების გამო ზუსტი არ არის და ის შესაძლოა გაცილებით საგანგაშო იყოს.

პუტინმა მილიონობით უკრაინელი ლტოლვილად აქცია, ქვეყნის ვიცე პრემიერის თქმით, ამ დროისთვის 7 მილიონი უკრაინელი იძულებით გადაადგილებული პირია. რაც შეეხება ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას, ახლა კრიტიკულად მძიმე სიტუაციაა ქალაქ ბახმუტის მისადგომებთან, რომლის ალყაში მოქცევასაც მტერი რამდენიმე თვეა უშედეგოდ ცდილობს.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის განცხადებით, უახლოეს მომავალში რუსები ქალაქის ალყაში მოქცევას ვერ შეძლებენ.

ანალიტიკოსების შეფასებით, ბოლო თვეებში რუსეთის წინსვლა ბახმუტში ნელი და ეტაპობრივი იყო და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსული ძალები მალე შეძლებენ ბახმუტის ალყაში მოქცევას, მით უმეტეს, ქალაქის აღებას ფრონტალური იერიშით.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში