რუსები აგრძელებენ წარუმატებელ შეტევას ბახმუტის, კამენკას ავდიივკასა და მარინკას მიდამოებში - უკრაინის გენშტაბი

08 მარტი 2023, 10:02 610 ნახვა

უკრაინელმა დამცველებმა, გასული დღის განმავლობაში, 5 მიმართულებით მოწინააღმდეგის 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების განმარტებით, რუსები აგრძელებენ წარუმატებელ შეტევას ბახმუტის, კამენკას ავდიივკასა და მარინკას მიდამოებში.  ასევე აღნიშნავენ, რომ ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე, გასული დღის განმავლობაში, 24 საჰაერო და 1 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.

"მტერმა გამოიყენა „შაჰედ-136“ ტიპის 1 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ჩამოგდებულ იქნა. ასევე, ოკუპანტებმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 60-ზე მეტი თავდასხმა განახორციელეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ინფორმაციით, თავდაცვის ძალების ავიაციამ ოკუპანტების კონცენტრაციის ტერიტორიებს 7 დარტყმა მიაყენა. 

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბახმუტის დაკავება რუსეთს დონეცკის ოლქის სხვა დასახლებული პუნქტებისკენ გაუხსნის გზას.

„ჩვენ გვესმის, რომ ბახმუტის დაკავების შემდეგ ისინი წინ წაწევას შეძლებენ. ისინი შეიძლება, კრამატორსკისკენ წავიდნენ, შეიძლება, სლავიანსკისკენ. ბახმუტის შემდეგ რუსებისთვის გაიხსნება გზა დონეცკის მიმართულებით უკრაინის სხვა ქალაქებში. სწორედ ამიტომ დგანან იქ ჩვენი ბიჭები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის ბახმუტის დაცვა ტაქტიკური გადაწყვეტილებაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში