საპატრიარქო პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

09 მარტი 2023, 00:19 597 ნახვა

ჩვენი ქვეყანა მტკიცე სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ურთულეს გზას გადის, რისთვისაც დღეს უდიდესი სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების, ასევე საზოგადოების მხრიდან, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეკლესია, როგორც ჩვენი ერისა და ქვეყნის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი და მოამაგე, გულმხურვალედ ლოცულობს მშვიდობისა და ერთსულოვნებისათვის.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს. ჩვენი ქვეყანა მტკიცე სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ურთულეს გზას გადის, რისთვისაც დღეს უდიდესი სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების, ასევე საზოგადოების მხრიდან.

ეკლესია, როგორც ჩვენი ერისა და ქვეყნის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი და მოამაგე, გულმხურვალედ ლოცულობს მშვიდობისა და ერთსულოვნებისათვის.

მიგვაჩნია, რომ ჩვენს სამეზობლოში არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, მშვიდობიანი კურსის შენარჩუნება და ქვეყნის დამოუკიდებლობა ქვეყნის წინსვლისთვის ერთადერთი ამოსავალი ფაქტორია. მშვიდობის დარღვევის მცდელობად მიგვაჩნია პოლარიზების გამღვივებელი რადიკალური განცხადებები, რომელი მხრიდანაც უნდა ვრცელდებოდეს ისინი, მით უმეტეს, სასულიერო პირთაგან.

სოციალურ ქსელში ხდება იმ ცალკეულ სასულიერო პირთა ქადაგებების თუ გამოსვლების ტირაჟირება, რომელნიც პოლიტიკურ თემებს ეხებიან, იქნება ეს ჩრდილოელი მეზობლის მიმართ გადაჭარბებული „სიმპათიები“ თუ უშუალოდ სახელმწიფოს მიმართ რადიკალური კრიტიკა.

ცალსახად ვაცხადებთ, რომ ასეთი დამოკიდებულებები უცხოა ეკლესიის ოფიციალური ხედვისა და, ზოგადად, ქრისტიანული სულისკვეთებისათვის, რაც არაერთხელ დაფიქსირებულა და გაჟღერებულა საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციებსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირად განცხადებებში ევროინტეგრაციის გზის შესახებ“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში