უბისა-შორაპნის მონაკვეთზე, სადაც ფერდი ჩამოიშალა, სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება - საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე 

14 მარტი 2023, 14:47 604 ნახვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი წერეთლის განცხადებით, უბისა-შორაპნის ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე, სადაც მეწყრული პროცესების შედეგად ფერდი ჩამოიშალა, სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

მისივე თქმით, სამუშაოების მიმდინარეობისას, ფერდის ე.წ. დატერასება-გამაგრებამდე, ბოლო პერიოდში მოსული უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა, ჩამოშალა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებული (ტორკრეტირებული) ზედაპირი, რამაც დააზიანა გარე ბეტონის სექცია.

„ამ მეწყრული ადგილის შესახებ ჩვენთვის ცნობილი იყო. შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტილება არსებობს და აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. უხვი ნალექის შედეგად, სამწუხაროდ, ფერდი ჩამოიშალა, რომელსაც უნდა ჩაუტარდეს დატერასება და გამაგრებითი სამუშაოები. ფერდის ჩამოშლამ დააზიანა ბეტონი. ბეტონი გასუფთავდება, ფერდი ჩამოიწმინდება და სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. ყველაფერი გაკეთდება პროექტის შესაბამისად“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.

მისივე განცხადებით,  რაც შეეხება მშენებელ კომპანიასთან ანგარიშსწორებას, ანაზღაურება მოხდება სამუშაოების სრულად დასრულების და საზედამხედველო კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს დადასტურებისა და მიღების შემდგომ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში