პროკურატურამ ფულის გათეთრების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

15 მარტი 2023, 12:51 702 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულის მორიგი ფაქტი გამოავლინა და ფულის გათეთრების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა, - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ფინანსური დანაშაულებისთვის ბრალდებულმა, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ, მის ხელთ არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი ფულადი თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ეტაპობრივად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხების არალეგალური გზით ფარულად შემოტანას და სხვადასხვა პირების სახელით საკუთარ საბანკო ანგარიშებზე განთავსებას გულისხმობდა.

"აღნიშნული მიზნით, 2017-2020 წლებში ბრალდებულმა არალეგალური გზით, ეტაპობრივად საქართველოში შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი თანხები, რომლებიც დაკავშირებული პირების მეშვეობით საქართველოში გახსნილ თავის საბანკო ანგარიშებზე განათავსა. ასევე, თანხის ნაწილით ბრალდებულმა საქართველოში ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონებები შეიძინა, რითაც უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა.

გამოძიების ეტაპზე პროკურატურის მიერ ყადაღა დაედო ბრალდებულის გამგებლობაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხას - 1 532 500 აშშ დოლარს და 107 550 ლარს. ასევე ყადაღა დაედო ბრალდებულის მიერ შეძენილ ძვირადღირებულ უძრავ ქონებებს, მათ შორის წყნეთში მდებარე აგარაკსა და თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ ბინას, რითაც ბრალდებულს არ მიეცა ქონებების შემდგომი განკარგვის შესაძლებლობა. დანაშაულებრივი გზით მიღებული, დაყადაღებული თანხის და უძრავი ქონებების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.

ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საქართველოს პროკურატურა აქტიურად აგრძელებს გამოძიებას ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში