საკონსტიტუციო სასამართლომ "შპს საინფორმაციო ქსელების ცენტრი" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელის განხილვა დაიწყო 

15 მარტი 2023, 12:48 670 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ  შპს “საინფორმაციო ქსელების ცენტრი”-ს კონსტიტუციური სარჩელის განხილვა დაიწყო. მოსარჩელე მხარე სადავოდ მიიჩნევს საქართველოს საარჩევნო კოდექსში არსებულ იმ მუხლებს, რომლებიც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, არჩევნებზე კენჭისყრის დასრულებამდე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის გავრცელების გამო ინტერნეტმედიის დაჯარიმების საშუალებას აძლევს.

კონსტიტუციური სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმებით დადგენილი წესი საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების უფლებას არღვევს. კენჭისყრის დასრულებამდე საზოგადოებრივი აზრის გავრცელების გამო ინტერნეტმედიის დაჯარიმების შესახებ ცვლილება კანონმდებლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შევიდა.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, მაშინ როცა აკრძალვა არ ვრცელდება სოციალური ქსელის ინდივიდუალურ მომხმარებელზე, მიზანი, რომელსაც სადავო ნორმები ისახავს მიუღწეველი რჩება. ასევე, მოსარჩელე მხარის განმარტებით, კანონმდებლობით აკრძალული დროითი პერიოდის მიღმა, საზოგადოებრივი კვლევის შედეგების გამოქვეყნებისას დამკვეთზე ინფორმაციის მითითების ვალდებულება თვითმიზნურ ხასიათს ატარებს, ვინაიდან ასეთ დროს კენჭისყრის პროცესი დასრულებულია და საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენის პრევენციის საჭიროება არ არსებობს.

სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში