საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივნის ჯეიმს კლევერლის ვიზიტი დაიწყო

16 მარტი 2023, 21:27 680 ნახვა

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი საქართველოში იმყოფება.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია დახვდა.

მხარეებმა ისაუბრეს ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისა და ღონისძიებების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის დროს ჯეიმს კლევერლი შეხვდება ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს და საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს.

ამასთან, ის ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის, მარკ კლეიტონის განცხადებით, 2016 წლის შემდეგ ეს გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივნის პირველი ვიზიტია საქართველოში.

„მოუთმენლად ველოდები საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს კლევერლის ვიზიტს აქ, საქართველოში. ეს არის დიდი პატივი და პრივილეგია. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივნის აღნიშნული ვიზიტი საქართველოში პირველია 2016 წლის შემდეგ. ჩვენ გვაქვს მოკლე, მაგრამ ძალიან დატვირთული პროგრამა. მადლობას ვუხდი თითოეულ იმ ადამიანს ქართული მხრიდან, ვინც ჩართული იყო ამ ვიზიტის განხორციელების პროცესში“, – განაცხადა ელჩმა მარკ კლეიტონმა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში