სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა

17 მარტი 2023, 16:16 694 ნახვა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, „ტვ პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ჟურნალისტ ნატო გოგელიას ბრალდებულმა პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, წაართვა და დაუზიანა მობილური ტელეფონი.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის; ძალადობის და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა მ.ა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 15 მარტს, ტელეკომპანია „TV პირველის“ ჟურნალისტი ნატო გოგელია ოზურგეთის რაიონში, სოფელ ბახვში ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა. რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა მ.ა.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, წაართვა მობილური ტელეფონი და დაუზიანა. აღნიშნული ქმედებით, ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალა, კერძოდ ვერ განახორციელა სიუჟეტის ჩაწერა, ხოლო ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

მ.ა. დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2022 წელს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიება 12 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო. ხსენებული საქმეების ფარგლებში სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ იქნა დაწყებული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნატო გოგელიას „ალტ ინფოს”  გურიის ორგანიზაციის ლიდერმა, მამუკა ანდღულაძემ სცემა. შემთხვევა სოფელ ბახვში მოხდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში