ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი

20 მარტი 2023, 14:20 656 ნახვა

‘’საქართველოს ბანკიდან ამოღებული, მძარცველის  მიერ გაუჩინარებამდე გასროლილი  და  ბადრი ესებუას  საცხოვრებელი სახლიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული მასრები,  გასროლილია ერთი და იგივე იარაღიდან“ - ამის შესახებ  მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ისაუბრა. 

კახაბერ როდონაიამ  საქართველოს ბანკის ძარცვის საქმეში  მტკიცებულებების სახით საქმეში წარმოდგენილ  ცეცხლსასროლ  იარაღებზე ჩაატარა  ბალისტიკური ექსპერტიზა და ის პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. 

ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას სასამართლო პროცესზე  მოსამართლემ შესვენება გამოცხადა, თუმცა მანამდე დაზარალებულებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მოუსმინა. ერთ-ერთი   მოწმის, პოლიციელი, დავით კეკულიას ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ამერიკული დოლარი, რომელიც  ბანკზე თავდამსხმელს  სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელმა  დირექტორმა  ავთანდილ გალდავამ  გადასცა, ქუთაისიდან  ჩაიტანეს. 

სწორედ დავით კეკულია  არის ერთ-ერთი თვითმხილველი, რომელმაც დაინახა, როგორ წავიდა  თავდამსხმელი   ავტომობილით  გალდავასთან და კიდევ ერთ პირთან ერთად გაურკვეველი  მიმართულებით.  მისივე ინფორმაციით, მოგვიანებით  თავად გალდავა დაუკავშირდა სამართალდამცავებს და უთხრა, რომ ის თავისუფალი იყო. 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ელოდებიან ავთანდილ გალდავასაც.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში