სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე 20 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო - საგამოძიებო

21 მარტი 2023, 10:18 517 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა 20 პირის მიმართ დაიწყეს, რომელთაგან ერთი ყოფილი მოხელეა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2020-2021 წლებში, შიდა ქართლის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ცრუ მოწმეების დახმარებითა და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების შედეგად, საერთო ჯამში, 302 906 ლარის ღირებულების 44 396 მ2 ფართობის 10 მიწის ნაკვეთი მოტყუებით დაირეგისტრირეს.

„გამოძიების პროცესში მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები დაყადაღებულ იქნა. მათი სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 180-ე და 342-ე მუხლებით გრძელდება, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში