საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება

23 მარტი 2023, 14:18 766 ნახვა

საფრანგეთში საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ არაპოპულარული კანონპროექტის წინააღმდეგ საყოველთაო გაფიცვის მეცხრე დღეს შეფერხებით მოძრაობენ მატარებლები, დაიხურა სკოლები, ქუჩები კი ნაგვით აივსო. სარკინიგზო მიმოსვლაში შეფერხებები პარასკევის ჩათვლით დაანონსდა.  

გუშინ ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ კანონი, რომელიც მისმა მთავრობამ გასულ კვირას პარლამენტში კენჭისყრის გარეშე მიიღო, წლის ბოლოს  შევა ძალაში. საპენსიო რეფორმის თანახმად, საპენსიო ასაკი ორი წლით 64 წლამდე  გაიზრდება.  მთავრობის ამ  ინიციატივამ ქვეყნის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. 

აქციების უმეტესობა მშვიდობიანი იყო, თუმცა დემონსტრანტების აღშფოთება  მთავრობის მორიგ გადაწყვეტილებას  კანონპროექტის პარლამენტში კენჭისყრის გარეშე მიღებას მოჰყვა.

გასული შვიდი ღამის განმავლობაში პარიზსა და სხვა ქალაქებში სტიქიური  დემონსტრაციები იმართებოდა, აქციის მონაწილეები ცეცხლს უკიდებდნენ ნაგვის ურნებს და  უპირისპირდებოდნენ პოლიციას.

პროტესტების ბოლო ტალღა  ყველაზე სერიოზულ გამოწვევაა პრეზიდენტ მაკრონისთვის  ოთხი წლის წინ "ყვითელი ჟილეტების" აქციების  შემდეგ. კვლევების თანახმად, ფრანგების  უმრავლესობა ეწინააღმდეგება საპენსიო რეფორმას, ასევე  მთავრობის გადაწყვეტილებას მისი პარლამენტში კენჭისყრის გარეშე მიღების შესახებ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში