მევენახე ფერმებისთვის სახელმწიფოს თანამონაწილეობა აგროდაზღვევის პროგრამაში თანადაფინანსების სახით 50%-დან 70%-მდე გაიზრდება - ოთარ შამუგია

03 აპრილი 2023, 16:33 611 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, მევენახე ფერმებისთვის სახელმწიფოს თანამონაწილეობა აგროდაზღვევის პროგრამაში თანადაფინანსების სახით 50%-დან 70%-მდე გაიზრდება.

"მეორე საკითხი, რომელზეც დღეს გადაწყვეტილება მივიღეთ, აგროდაზღვევის პროგრამას შეეხება. იცით, რომ 2014 წლიდან ვახორციელებთ აგროდაზღვევის პროგრამას, რომლის მიზანი არის დავიცვათ ჩვენი ფერმერები სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზიანისგან. ამ წლების განმავლობაში 65 ათასზე მეტი ბენეფიციარის დაახლოებით 140 ათასი ჰექტარი ფართობი იქნა დაზღვეული, რაც ასევე აღსანიშნავი და მნიშვნელოვანია, 67 მილიონ ლარზე მეტი ზიანი ანაზღაურდა. თუმცა, მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ფერმერების აქტიურად ჩართვას პროგრამაში. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და მევენახე ფერმებისთვის სახელმწიფოს თანამონაწილეობა აგროდაზღვევის პროგრამაში თანადაფინანსების სახით 50%-დან 70%-მდე გაიზრდება. სხვა კულტურების შემთხვევაში ეს ასეა. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს თანადაფინანსება 70%-ს შეადგენს. შარშან დაახლოებით 8 ათასი ჰექტრის ფარგლებში იქნა ვენახის ფართობი დაზღვეული. ვფიქრობ, ეს მაღალი მაჩვენებელი არ არის, ვინაიდან მხოლოდ კახეთში ჩვენ აღრიცხული გვაქვს 40-41 ათას ჰექტარზე მეტი ვენახი. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მეტ სტიმულს მისცემს ფერმერებს, რომ აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთონ და მოსავალი დააზღვიონ“,- განაცხადა შამუგიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში