საზღვაო აკვაკულტურის ფერმების მოსაწყობად აჭარის, სამეგრელოსა და გურიის სანაპირო ზოლში 8 ლოკაცია გამოიყო

03 აპრილი 2023, 17:04 762 ნახვა

საქართველოს მთავრობამ „საქართველოს საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი დაამტკიცა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარდგენილი პროექტი ითვალისწინებს აჭარის, სამეგრელოს და გურიის სანაპირო ზოლში 8 ლოკაციის გამოყოფას, სადაც, საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციით, შესაძლებელია აკვაკულტურის ფერმების - თევზის (3 ლოკაცია) და მოლუსკის (5 ლოკაცია) - მოწყობა.

ოთარ შამუგიას განმარტებით, აკვაკულტურის დარგის განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს. მისივე თქმით, ზონების პროექტის დამტკიცების შემდეგ, დაგეგმილია ზონების მართვის გეგმებისა და ინვესტორთა წინადადებების განხილვის საფუძველზე დამატებითი სანებართვო პირობების განსაზღვრა და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით აკვაკულტურის ნებართვების გაცემა, რაც გააჩენს საშუალებას აკვაკულტურის მიმართულებით მსხვილი ინვესტიციების მოზიდვისთვის.

"ეს ნიშნავს ათეულ ათასობით ტონა თევზისა და სხვადასხვა სახეობის ზღვის პროდუქტის წარმოების შესაძლებლობას და, ეტაპობრივად, დაახლოებით, ასეულობით მილიონი დოლარის საექსპორტო პოტენციალის ათვისებას.

ვფიქრობ, რომ გვაქვს შესაძლებლობა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვაწარმოოთ მეტი პროდუქცია, რათა პირველ რიგში დავაკმაყოფილოთ ადგილობრივ ბაზარზე არსებული მოთხოვნა, დავასაქმოთ უფრო მეტი ადამიანი და რა თქმა უნდა, გავზარდოთ მნიშვნელოვნად საექსპორტო შესაძლებლობები“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში