2024 წლიდან სამშენებლო ნებართვის მისაღებად დოკუმენტებში გამწვანების პროექტი სავალდებულო გახდება

04 აპრილი 2023, 12:50 888 ნახვა

დღეს საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლითაც განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების, აგრეთვე, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წარდგენილ დოკუმენტებში გამწვანების პროექტის, როგორც თანამედროვე, გარემოსდაცვითი სტანდარტების მქონე დოკუმენტის არსებობა სავალდებულო გახდება, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ცვლილებები მიზნად ისახავს მშენებლობის პროცესში გამწვანების კომპონენტის სავალდებულო წესით ინტეგრირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. მისი თქმით, კანონპროექტი ხელს შეუწყობს ახალი მწვანე სივრცეების გაჩენას, გააუმჯობესებს გარემოსდაცვით მდგომარეობას და მოახდენს ქაოსური განაშენიანების პრევენციას.

კანონპროექტით გათვალისწინებულია გამწვანების პროექტის დეფინიციის, შეთანხმების წესის და პირობების ჩამოყალიბება. მაია ბითაძის განცხადებით, ეს მიდგომა წარმატებით ხორციელდება თბილისში 2019 წლიდან და მისი დადებითი შედეგები უკვე სახეზეა.

"მუნიციპალიტეტები დაადგენენ იმ ხე-მცენარეთა ჩამონათვალს, რომლებიც ადეკვატურია ქვეყნის ამა თუ იმ რეგიონში. თითოეულ მუნიციპალიტეტს დავეხმარებით, კანონის ძალაში შესვლამდე ერთი წელი გამოყენებული იყოს, რომ მუნიციპალიტეტები მზად იყვნენ, შეათანხმონ დენდროლოგიური პროექტი, ე.წ. გამწვანება და დამტკიცდეს ხე-მცენარეთა სტანდარტები. თბილისის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ აღნიშნული პროექტი სარგებლიანი იყო არა მხოლოდ ქალაქისთვის, არამედ დეველოპერებისთვისაც“, - განაცხადა ბითაძემ.

კანონპროექტის თანახმად, გამწვანების პროექტის წარდგენის ვალდებულება არ იარსებებს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მიმართ. კანონპროექტი 2024 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

მუნიციპალიტეტებმა 2024 წლის 1 იანვრამდე უნდა დაადგინონ მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობები, აგრეთვე მწვანე ნარგავების გაშენების, მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გაცემისა და მათი საკომპენსაციო რგვის განხორციელების წესი და პირობები.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში