კონკურენციის სააგენტომ ბილეთების ონლაინრეალიზაციის ბაზარზე მოკვლევა დაიწყო

06 აპრილი 2023, 11:16 573 ნახვა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, შპს „ელ.ბილეთების“ საჩივრის საფუძველზე, ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ მოკვლევის პროცესი დაიწყო.

სააგენტოს ცნობით, საკითხი შეეხება კინოთეატრების ბილეთების ონლაინრეალიზაციის ბაზარზე სავარაუდო კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებებს.

მათივე ინფორმაციით, მოკვლევა ორი მიმართულებით დაიწყო, რაც დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებას („კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლი) და კონკურენციის შესაძლო შემზღუდველ შეთანხმებებს ე.წ. კარტელური გარიგებებს („კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლი)  გულისხმობს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე მოკვლევა დაიწყო ერთი ეკონომიკური აგენტის მიმართ, ხოლო, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების სავარაუდო ფატზე ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ.

"ინფორმაციისთვის: საქმის მოკვლევის დაწყებიდან, არაუგვიანეს, ექვსი თვის ვადაში სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, მოკვლევის პროცესი შეიძლება 18 თვემდე გაგრძელდეს. კონკურენციის ეროვნული სააგენტო, მიმდინარე რეჟიმში, მოკვლევის ოთხ საქმეს განიხილავს – შეთანხმებული ქმედების, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან, კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო შემთხვევებს – საავტომობილო საწვავის, თამბაქოს, საზღვაო ტრანსპორტისა და მუნიციპალური პროექტების ზედამხედველობის სექტორებში. 2023 წელს უწყებამ ერთი მოკვლევა დაასრულა და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დაადგინა“, - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში