ბათუმში, ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლების დროს თამაზ ბაკურიძე დააკავეს

06 აპრილი 2023, 15:37 723 ნახვა

ბათუმში, ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლების დროს, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე დააკავეს.

აღსრულების პოლიცია ოჯახს  ვაჟა-ფშაველას 147-ში მდებარე სახლიდან ასახლებდა. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თამაზ ბაკურიძე გამოსახლების პროცესს ესწრებოდა და ვიდეოს იღებდა. 

გამოსახლების დროს, ოჯახის ერთ-ერთი წევრი სახურავზე ავიდა და ბენზნი გადაისხა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ოჯახის ახლობლებმა ჭიშკარი შეამტვრიეს, რის გამოც აღსრულების პოლიცია იძლებული გახდა გამოსახლების პროცესი დროებით შეეჩერებინა.

თავად უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ მას ხელი არავისთვის შეუშლია. მისივე განმარტებით, მასზე დაკავების დროს იძალადეს.

"გამოსახლების დროს, ოჯახის ერთ-ერთი წევრი სახლის სახურავზე აძვრა და ბენზინი გადაისხა. მე მოვუწოდებდი ჩამოსულიყო, რადგან არ დაძაბულიყო სიტუაცია. რა დროსაც მოხდა დაპირისპირება, ჩემი დაკავება, მაგრამ ეს დაკავება არ იყო, ეს იყო ძალადობა. ძირს დამაგდეს, რა დროსაც გონება დავკარგე როცა გონს მოვედი სასწრაფო დახმარების პერსონალი პირველად დახმარებას მიწევდა, მაღალი წნევა მქონდა. მე ხელი არავისთვის შემიშლია."- აცხადებს თამაზ ბაკურიძე.

აღსრულების ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ თამაზ ბაკურიძე აღსრულების პოლიციისთვის და გამოსახლების პროცესის მიმდინარეობს ხელის შეშლის გამო ადმინისტრაციული წესით დააკავეს, გადაიყვანეს სამმართველოში, მოგვიანებით კი სასამართლო იმსჯელებს მის საქმეზე.

რაც შეეხება გამოსახლებას, პროცესი გრძელდება. ბიუროში განმარტავენ, რომ კრედიტორი 6 თვე სახლს არ გაასხვისებს.

"აღნიშნული საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროში შემოსულია 2017 წელს. მას შემდეგ გამოსახლების პროცესი შეჩერებული იყო ორჯერ. მხარეებს მიეცათ დამატებითი დრო მოლაპარაკებებისა და შეთანხმებისთვის. საქმეში ჩართული იყო მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახური, მიმდინარეობდა აქტიური მოლაპარაკება მხარეებთან, თუმცა მათ შეთანხმება ვერ მოახერხეს. ახლა მიმდინარეობს გამოსახლების პროცესი.  მხარეები შეთანხმდნენ, რომ კრედიტორი ქონებას 6 თვის განმავლობაში არ გაასხვისებს და ამით მისცემს მოვალეს ვადას, რომ გადაიხადოს თანხა და გამოისყიდოს სახლი.

რაც შეეხება თამაზ ბაკურიძეს, აღსრულების პოლიციისთვის და გამოსახლების პროცესის მიმდინარეობის ხელის შეშლის გამო ის დააკავეს ადმინისტრაციული წესით, გადაიყვანეს სამმართველოში, მოგვიანებით კი სასამართლო იმსჯელებს მის საქმეზე"- განაცხადა პაატა შამუგიამ.

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის გადაწყვეტილებით, საქმეზე სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 24 აპრილს ჩაინიშნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში