შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მიმართავს

12 აპრილი 2023, 14:46 762 ნახვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საკუთარ სარეგისტრაციო გვერდზე საგნის შეცვლის ან დამატების, ასევე გამოცდის ენის შეცვლის ვადა 13 აპრილს 18:00 საათზე ამოიწურება.

როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, იწურება აგრეთვე შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის ვადა იმ გამოსაცდელებისათვის, რომლებსაც გამოცდაზე სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა ესაჭიროებათ და რეგისტრაციის დროს მონიშნული აქვთ შესაბამისი გრაფა.

მათივე ცნობით, ამ კატეგორიის აბიტურიენტებმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) განაცხადთან ერთად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 13 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ.

„განაცხადები მიიღება თბილისში მისამართზე: ე. მინდელის N9, რეგიონებში კი - ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. შეგახსენებთ, რომ რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი უკვე დასრულდა, თუმცა აბიტურიენტებს ჯერ კიდევ შეუძლიათ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა (დამატება, წაშლა ან გადაადგილება) - ეს ვადა აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათზე ამოიწურება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აბიტურიენტი საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას მათ რაოდენობაში შეზღუდული არ არის.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს ყურადღებით გაეცნონ აბიტურიენტთა ცნობარს, რომელშიც მოცემულია სიახლეები, აგრეთვე ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ. ცნობარში მოცემულია ცხრილიც, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა დეტალები”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში